Sunday, November 1, 2015

„ფორს ინდია“ შეიძლება „ასტონ მარტინი“ გახდეს

Force India Set To Become Aston Martin Racing In 2016
1 ნოემბერი
ფორმულა ერთის გუნდი „საჰარა ფორს ინდია“ მოლაპარაკებას აწარმოებს „ასტონ მარტინთან“, რომელიც მზადაა, გუნდს საკუთარი სახელი მისცეს. მათ შორის თანხმობის შემთხვევაში, მომავალ სეზონში, ფ1-ში „ასტონ მარტინს“ ნახევარსაუკუნოვანი პაუზის შემდეგ, ისევ ვიხილავთ. სახელის გარდა, გუნდი ფერებსაც შეიცვლის და ვისკის ბრენდ „ჯონი უოკერის“ მუქ ლურჯსა და ოქროსფერში გამოეწყობა.
იმისათვის, რომ გარიგება შედგეს, ამაზე „მერსედეს-ბენცის“ ნებართვაა საჭირო, რომელიც „ასტონ მარტინის“ აქციების 5.0 პროცენტს ფლობს და „ფორს ინდიას“ აგრეგატებით ამარაგებს. სამქიმიანებისთვის გაცილებით მისაღები და უხიფათოა „ფორს ინდიასთან“ პარტნიორობის გაგრძელება, ვიდრე „რედ ბულისთვის“ აგრეგატების მიწოდება, რადგან ავსტრიულ გუნდს მისთვის ფ1-ში სერიოზული კონკურენციის გაწევა შეუძლია.
„ფორს ინდიას“ დამაარსებელი და შეფი, ინდოელი ბიზნესმენი ვიჯეი მალია ამბობს: „თუ ვინმე მოვა და სატიტულო სპონსორობაში, კარგა თანხას შემომთავაზებს, მე მზად ვარ, გუნდის სახელს გადავხედო. თუ კომპანია მოვა და გუნდის სახელის შეცვლას შემომთავაზებს, უნდა გავიაზრო, რა პროფილი ექნება სახელშეცვლილ გუნდს. ამ ეტაპზე, რაიმეს გარკვევით თქმა შეუძებელია, თუმცა ვიტყვი, რომ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ“.
დღეისათვის „ფორს ინდიას“ ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური გუნდის რეპუტაცია აქვს. თუმცა ისიც შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დაუფასებელიცაა. ნებისმიერ შემთხვევაში, ის უმაღლეს დონეზე ასპარეზობს და მსოფლიო ჩემპიონატში მე-5 ადგილი მყარად უკავია. პილოტებიც გამორჩეული ჰყავს ნიკო ჰულკენბერგის და სერხიო პერესის სახით. დაბოლოს, მალია ამბობს, რომ თუ გუნდი სახელს შეიცვლის, ის მაინც ინდოეთში რეგისტრირებულად დარჩება.
„მე გუნდს „ფორს ინდია“ იმისთვის დავარქვი, რომ ინდოეთმა და ჩემს ქვეყანაში მოტორსპორტის უამრავმა ფანმა ამით იამაყოს. მათ ეს სიამაყე რვა წელია აქვთ და ასე გაგრძელდება შემდგომშიც, რადგან გუნდი კვლავაც ინდოეთში იქნება რეგისტრირებული და ინდთის დროშით იასპარეზებს. ამიტომ, რა სახელიც უნდა ჰქონდეს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სწორედ ასე იყო პირველი სამი თუ ოთხი სეზონის განმავლობაში“, - ამბობს სპირტიანი სასმელების მაგნატი, ვისაც ადრე ავიაკომპანია „კინგფიშერიც“ ეკუთვნოდა, თუმცა მან ფინანსური კრახი განიცადა.
მალიამ 2008 წელს შეიძინა გუნდი „სპაიკერი“, რომელსაც მანამდე „მიდლენდი“, უფრო ადრე კი „ჯორდანი“ ერქვა. ბოლო წლებში მის გუნდს ფინანსური პრობლემები აქვს, რის გამოც, ტოპ გუნდების დაწევას ვერ ახერხებს. თუმცა სტაბილურობით მაინც გამოირჩევა.
რაც შეეხება „ჯონი უოკერს“, ის კომპანია „დიაჯეოს“ ეკუთვნის, რომელიც იმავდროულად, მალიას „იუნაიტედ სპირიტს ლიმიტედის“ უმსხვილესი აქციონერია. ამ უკანასკნელის რამდენიმე ბრენდის რეკლამა „ფორს ინდიას“ ბოლიდებზეა გამოსახული. „ჯონი უოკერი“ კი უკვე ათი წელია, „მაკლარენის“ პარტნიორი და იმავდროულად, ფორმულა ერთის გლობალური სპონსორია.

No comments:

Post a Comment