Friday, November 20, 2015

ბატონი დარწმუნებულია, რომ „ჰონდას“ 2016-ში სოლიდური პროგრესი ექნება

Button sure Honda can make big leap in 2016
20 ნოემბერი
ჯენსონ ბატონი დარწმუნებულია, რომ „ჰონდა“ შეძლებს იმ დონეზე განვითარებას, რომ „მაკლარენს“ კონკურენტუნარიანობის დაბრუნებაში დაეხმაროს. ბრიტანელმა მრბოლმა გუნდთან კონტრაქტი იაპონიის დიდი პრიზის შემდეგ გააგრძელა, არადა კარგა ხანს წასვლაზე ფიქრობდა, რადგან ეს სეზონი „მაკლარენ-ჰონდამ“ პირწმინდად ჩააგდო. ეს კი ძირითადად „ჰონდას“ სუსტი და არასაიმედო აგრეგატის „დამსახურებაა“.
ყოველივეს მიუხედავად, ბატონს სჯერა, რომ „ჰონდა“ სწრაფად განვითარებას შეძლებს და ამ სეზონის კრახს არ გაიმეორებს. „ჩვენთვის არაფერი შეცვლილა. ვიცოდით, რომ ძალიან ძნელი სეზონი გველოდა. ბოლო რბოლებიც ასევე ძნელი იყო. მაგრამ ამის მიუხედავად, მომავალ სეზონთან დაკავშირებით, ჩემი მოლოდინი არ შეცვლილა“, - ამბობს მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონი და დასძენს:
„რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, რომ უფრო გამძლე ტექნიკა გვქონდეს. მაგრამ იმავდროულად, მთელი სეზონის განმავლობაში, თავი არ დაგვიზოგავს, რათა მომავალი სეზონისთვის გარკვეული საფუძველი შეგვექმნა. წელს ჩვენ სატესტო რეჟიმში მოგვიწია ასპარეზობამ. ზოგიერთ რბოლაში, გარემოებათა გამო გაგვიმართლა, მაგრამ უმეტეს დროს ტესტირებაში ვატარებდით, იმის ცდაში, რომ რაღაც ახალი გვეცადა. ვმუშაობდით არამხოლოდ ძალურ დანადგარზე, არამედ შასიზეც და აეროდინამიკაზეც. ყოველ რბოლაზე რაღაც ახალ ნაწილს ვცდიდით. ეს შეიძლება ჩვენს დროებზე არ აისახებოდა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მომავალი სეზონისთვის ვემზადებოდით“.
ბატონი დასძენს, რომ მხოლოდ იმის გამო დარჩა, რომ დარწმუნებულია, მომავალ სეზონში, მის განკარგულებაში გაცილებით უკეთესი მანქანა იქნება: „დარჩენა მინდოდა, რადგან ჩემი აზრით, გაცილებით უკეთესი მომავალი სეზონი გველის. ამას ის განწყობა მაგრძნობინებს, რომლითაც მთელი გუნდი მუშაობს როგორც საკურაში (იაპონია), ასევე უოკინგში (ინგლისი). გრძელი ზამთარი გველის, რომელსაც სათანადოდ გამოვიყენებთ. რა თქმა უნდა, ძნელი საქმეა გასაკეთებელი, რადგან დაახლოებით 2.5 წამის ამოქაჩვა მოგვიწევს, რაც ძალიან დიდი ჩამორჩენაა. არ ვიცი, რა გამოგვივა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სოლიდური წინსვლა გვექნება“.

No comments:

Post a Comment