Thursday, November 5, 2015

„აუდიმ“ ლეგენდარული „ვერცხლისფერი ისარი“ 1:2 მასშტაბში 3D-ზე დაბეჭდა

Audi 3D Prints the 1936 Silver Arrow in 1:2 Scale
5 ნოემბერი
საავტომობილო მრეწველობის ტექნოლოგიები მრავალი მიმართულებით ვითარდება. მათ შორის კი ერთ-ერთი უახლესი და ძალიან სწრაფად განვითარებადი, წარმოებისას სამგანზომილებიანი პრინტერების გამოყენებაა. ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ ამერიკულმა კომპანია „ლოუქლ მოტორსმა“, რამდენიმე გამოფენაზე, ყველას თვალწინ „დაბეჭდა“ ავტომობილი. „ფორდმა“ კი ახლახანს გამოაცხადა, რომ უკვე წლებია, რაც სამგანზომილებიან პრინტერზე დაბეჭდილ დეტალებს, თავის კონცეპტუალურ პროტოტიპებზე იყენებს.
ახლახანს სამგანზომილებიანი ტექნოლოგიის ფლობის დემონსტრირება „აუდიმაც“ ჩაატარა, რომელმაც პრინტერზე, წარსულის ლეგენდარული სარბოლო ავტომობილის, 1936 წლის აუტო უნიონ ტაიპ C-ს“ 1:2 მასშტაბური მოდელი დაამზადა. მართალია, ეს ავტომობილი (რომელსაც ფოტოზე ხედავთ) სათამაშოსავით გამოიყურება, მაგრამ ის გვიჩვენებს, რომ ინგოლშტადტელები ამ მიმართულებით ძალიან წინ არიან წასულები.
გერმანული კომპანია ამბობს, რომ ლაზერული პრინტერების სერიულ წარმოებაში დანერგვის გზების ძიებაშია. ამ ტექნოლოგიის დახმარებით, ახალი ავტომობილის წარმოებისთვის მომზადებისთვის საჭირო დროის მნიშვნელოვნად შემცირება შეუძლია. ეს კი ნიშნავს, რომ შემცირდება მასზე გაწეული დანახარჯები და რაც მთავარია, გაცილებით სწრაფად მოხერხდება სიახლეების სერიულ მოდელებზე დანერგვა.
„აუდის“ დანადგარი, იმავე „ლოუქლ მოტორსის“ დანადგარებისგან იმით განსხვავდება, რომ სამუშაო მასალად, პლასტიკის გრანულების და მავთულის ნაცვლად, ლითონის უწვრილეს გრანულებს იყენებს. ამ გრანულების ზომა, მილიმეტრის 15-40 მეათასედ შეიძლება იყოს, რაც დაახლოებით ადამიანის თმის სისქის ნახევარია.
„ფორდის“ მსგავსად, პროტოტიპების დამზადებისას, სამგანზომილებიანი პრინტერის გამოყენება „აუდისაც“ დაწყებული აქვს. გერმანული კომპან ლაზერული დანადგარებით ამზადებს დეტალებს, რომელთა სიგრძე მაქსიმუმ 240 მილიმეტრია, სიმაღლე კი - 200 მილიმეტრი. როგორც „აუდი“ ამბობს, ასეთი დეტალების სიმკვრივე გაცილებით მეტია, ვიდრე წნევით ჩამოსხმისას, ან ცხელი ტვიფვრით დამზადებისას იქნებოდა.

No comments:

Post a Comment