Wednesday, September 9, 2015

„რეინჯ როვერ სენტინელი“ - SVO-ს ჯავშნოსანი

JLR's SVO Division Builds Armored Range Rover Sentinel
9 სექტემბერი
„იაგუარ ლენდ როვერის“ სატუნინგო შტო „სპეციალური მანქანების ოპერაციებმა“ (SVO), „რეინჯ როვერის“ ბაზაზე, ჯავშნიანი ავტომობილი დაამზადა, მეტსახელად „სინტინელი“ (დარაჯი). ეს პირველი დაჯავშნული ავტომობილია, რომელიც SVO-მ საკუთარი ძალებით შეიმუშავა და დაამზადა. ამ ავტომობილის პრემიერა ლონდონში, თავდაცვისა და უსაფრთხოების ეკიპირების საერთაშრისო შოუზე, 15-18 სექტემბერს გაიმართება.
დაჯავშნული ავტომობილი, სტანდარტული ბაზის მქონე „რეინჯ როვერ ავტობაიოგრაფიზეა“ ბაზირებული. მას VR8 დონის სერტიფიკატი მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილს საუკეთესო ბალისტიკური და აფეთქებამედეგი თვისებები აქვს. „სენტინელს“ მეტწილად საექსპორტო ბაზრებისთვისაა განკუთვნილი და მის წარმოებას SVO შეკვეთების შესაბამისად აპირებს. ჯავშნიანი ავტომობილის საბაზო ფასი 400 000 ევროა.
SVO „რეინჯ როვერ სენტინელს“ თავის ოქსფორდ როუდის საწარმოში, ხელით აწყობს. ავტომობილის ჯავშანი 7.62-მილიმეტრიანი ტყვიის პირდაპირ მოხვედრას, ასევე ჯავშანგამტან, აალებად ტყვიებს უძლებს. გარდა ამისა, გვერდითა ჯავშანი, 15 კილოგრამი ტრინიტროტოლუოლის აფათქებასაც უძლებს, მის ძირსა და სახურავს კი DM51 ყუმბარის გაძლება შეუძლია.
ჯავშნის ასეთი სიმტკიცე, მისმა ექვს ნაწილიანმა კონსტრუქციამ განაპირობა, რომელიც ზემტკიცე ფოლადისგან არის დამზადებული. გარდა ამისა, სტანდარტული შუშები, მრავალშრიანი შუშით შეიცვალა, რომელსაც მაღალი ოპტიკური ხარისხიც აქვს. სხვა სპეციალური ელემენტებია სპეც კონსტრუქციის გამოსაბოლქვი, საწვავის თვითშეკუმშვადი ავზი, სარეზერვო აკუმულატორი, დამუხტვის გაყოფილი სისტემა და სპეციალური საბურავები, რომლებიც მაშინაც ასრულებენ თავიანთ ფუნქციას, როცა სხვადასხვა მიზეზით, მათში ჰაერი აღარ დარჩება.
მძღოლის ფანჯარას აქვს მცირე სარკმელი, რომლიდანაც მცირე მანიპულაციების უსაფრთხოდ შესრულებაა შესაძლებელი. გარდა ამისა, მყიდველს ოპციის სხვა სისტემებსაც შესთავაზებენ. მაგალითად, ცეცხლისმქრობს მანქანის ძირისა და კაპოტქვეშა სივრცისთვის, სირენას, საგანგებო სერვისის მანათობლებს, და გარე სპიკერის სისტემას, რომლითაც ავტომობილის გარეთ მყოფ ადამიანბთან ურთიერთობაა შესაძლებელი.
გაზრდილი წონის გამო, „სენტინელს“ გაუძლიერდა საკიდარის სისტემა, თუმცა „ლენდ როვერი“ ირწმუნება, რომ ავტომობილს შეუნრჩუნდა სვლის კომფორტულობა, რომელიც სტანდარტული „რეინჯ როვერის“ მახასიათებლისგან თითქმის არ განსხვავდება. ასევე ავტომობილი უფრო ეფექტური მუხრუჭებით აღიჭურვა, რომლებიც 20-დუიმიან ბორბლებში განლაგდა. წინა სამუხრუჭე დისკოების დიამეტრი 380 მილიმეტრია, უკანებისა კი - 365 მილიმეტრი.

„რეინჯ როვერ სენტინელი“ აღჭურვილია 3.0-ლიტრიანი V6 ძრავით, რომელიც მექანიკური დამჭირხნის დახმარებით, 340 ცხენის ძალას ავითარებს. ძრავთან წყვილში, ZF-ის წარმოების 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია დაკავშირებული, რომელსაც სპეციალური კალიბრაცია ჩაუტარდა. ამის წყალობით, მისი მუშაობა პრაქტიკულად არ განსხვავდება „რეინჯ როვერ ავტობაიოგრაფის“ ტრანსმისიის მუშაობისგან.

No comments:

Post a Comment