Thursday, July 23, 2015

როსბერგი მუხრუჭებს ვერ მიეჩვია

Rosberg says he is still struggling with brakes
23 ივლისი
„მერსედესის“ პილოტი ნიკო როსბერგი ამბობს, რომ მას კვლავაც უჭირს წლევანდელი მანქანის მუხრუჭებთან შეგუება. მისი თქმით, მუხრუჭების თავისი სტილისადმი მისადაგებას ვერაფრით ახერხებს და შუალედურ გადაწყვეტებს სჯერდება. 9 ეტაპის შემდეგ, გერმანელი მრბოლი თავის ჩემპიონ თანაგუნდელსა და მიმდინარე სეზონის ლიდერ ლუის ჰამილტონს 17 ქულით ჩამორჩება. ის ამბობს, რომ მსგავსი პრობლემა მას გასულ სეზონშიც ჰქონდა.
„მანქანის მომართვა ყოველთვის ძნელია. ეს ყოველთვის დიდი გამოწვევაა. თუ არ ჩავთვლით ჩემს მუდმივ პრობლემებს მუხრუჭებთან, მანქანა კარგადაა მომზადებული. მუხრუჭები ისეთი პრობლემაა, რომლის სწრაფად გამოსწორებაც შეუძლებელია. ამის აღწერა შეუძლებელია, ეს პირად შეგრძნებებზეა დამოკიდებული. ასე იყო გასულ სეზონშიც“, - ამბობს როსბერგი და დასძენს, რომ პრობლემა ახალი არაა და დიდი ხნის მოგვარებული უნდა იყოს. „ეს კომპლექსური საკითხია. მაგალითად, ექვსი თვეა საჭირო იმისათვის, რომ სამუხრუჭე დისკოების კომპლექტი გავაკეთოთ. თუ კარგი გამოდგა, ხომ კარგი. თუ არა, ისევ ექვსი თვე უნდა ველოდო. ეს ხანგრძლივი პროცესია და ამიტომ, პრობლემის სწრაფად მოგვარება შეუძლებელია“.
როსბერგს არ დაუზუსტებია, აღნიშნული პრობლემა მის დროზე აისახება, თუ არა. „მე არ მომწონს ასეთი მუხრუჭები. და ამიტომ, დროს ვკარგავ? ესეც გარემოებებზეა დამოკიდებული. უმჯობესი იქნებოდა, რომ ეს პრობლემა არ ყოფილიყო. ბევრი რამ ვცადე, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა“.
ჰამილტონი ამბობს, რომ როსბერგი აჭარბებს და პრობლემა რეალურად არ არსებობს: „წინა რბოლაში ის ძალიან კარგად ამუხრუჭებდა. ჩვენ მუხრუჭებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გვაქვს. საერთოდ, მუხრუჭების გაუმჯობესებას ყველა ცდილობს. განსაკუთრებით აქტუალური ეს საკითხი სიცხეშია. მაღალ ტემპერატურაზე მუხრუჭები შეიძლება უცებ დაკარგო. წინა რბოლაში, ეს პრობლემა ნაკლებად აქტუალური იყო, რადგან იქ მუხრუჭებს ინტენსიურად არ ვიყენებთ. აქ კი პირიქითაა და თან ძალიან ცხელა. აქ მუხრუჭების სამუშაო მდგომარეობა მალე უარესდება და ამიტომ, სამუხრუჭე ზონების შეცვლა გვიწევს ხოლმე. მაგრამ მე ეს მომწონს, ეს ჩემთვის გამოწვევაა“.

No comments:

Post a Comment