Sunday, May 3, 2015

დათა ქაჯაიამ ჰუნგარორინგზე ორი რბოლა მოიგო

3 მაისი
დათა ქაჯაიამ ევროპის ტურინგის კლასის ავტომობილების თასზე (ETCC) დებიუტი ორი გამარჯვებით დააგვირგვინა. სერიის პირველივე ორ ეტაპზე, რომლებიც ბუდაპეშტის ჰუნგარორინგზე ჩატარდა, მას ბადალი არ ჰყავდა თავის კლასში (სუპერ 2000 TC2T), რომელიც სერიის უმაღლეს კლასად კი ითვლება, მაგრამ უსწრაფესი არაა. უფრო მეტიც, დათას პირველ რბოლაში, აბსოლუტურ ჩათვლაშიც კი შეეძლო გამარჯვება...
ყველაფერი ასე მოხდა: პირველ რბოლაში (სტარტზე ერთდროულად 4 კლასის მონაწილეები დგებიან) დათამ სტარტი მე-6 პოზიციიდან აიღო, რომელიც კვალიფიკაციაზე მოიპოვა. მის წინ 5 „სეატი“ იდგა, რომლებიც დათას „ბეემვე E90 320-ზე“ ძლიერები, მსუბუქები, უფრო დიდ ბორბლებზე მდგარია და უფრო მძლავრი მუხრუჭებთაცაა აღჭურვილი.
ისე მოხდა, რომ მოძრავი სტარტის შემდეგ, პოულის მფლობელ სერბ დუშან ბორკოვიჩს ერთდროულად ორმა მეტოქემ - ჩეხმა პეტრ ფულინმა და სლოვაკმა მატ’ო ჰომოლამ გაასწრო. ბორკოვიჩმა ჰომოლა რამდენიმე მოსახვევში ჩამოიტოვა და მალევე ფულინსაც შეუტია, რომელსაც მეორე წრის პირველივე მოსახვევში „წაარტყა“ და უკან ჩამოიტოვა. თუმცა, ლიდერობა მაინც ვერ ჩაიბარა, რადგან ორივეს ისევ ჰომოლამ გაასწრო. ბორკოვიჩი ლიდერს მალევე დაეწია და მათ რამდენიმე მოსახვევი გვერდიგვერდ გაიარეს, რაც მესამე მოსახვევში მცირე შეჯახებით დასრულდა.
ამჯერად რბოლის სტიუარდებმა ზედმეტი სერბის აგრესია აღარ მოითმინეს და ის პიტლეინზე უქმე გავლით დასაჯეს. აქედან მოყოლებული, პილოტონს სათავეში ქაჯაია მოექცა, რომელიც მანამდე „მხოლოდ“ თავისი კლასის ლიდერი იყო. ძველი თაობის სარბოლი ავტომობილით მოასპარეზე ქართველმა თითქმის ბოლომდე შეინარჩუნა მოწინავე პოზიცია. მან კარგა მანძილზე მოიტოვა „სეატით“ მოასპარეზე უნგრელი ფერენც ფიშა, მაგრამ ბოლო წრეზე უნებლიედ შეცდა და მართალია, ტრასაზე დარჩენა შეძლო, მაგრამ წინ ფიშა გაუშვა. TC2T კლასში დათას უახლოესმა მდევარმა, თურქმა აიტაჩ ბიტერმა მე-9 ადგილი დაიკავა.
მეორე რბოლა შედარებით მშვიდი გამოდგა. ამჯერად რბოლა ადგილიდან სტარტით დაიწყო. ამასთან, პირველ რბოლაში მოწინავე რვა პოზიციაზე გასულმა პილოტებმა, სტარტზე ადგილები რევერსულად დაიკავეს. ამგვარად, ქაჯაია სასტარტო რიგში მე-7 აღმოჩნდა. პოულზე ქაჯაიას უშუალო კონკურენტი, ჩეხი მიხალ მატეიოვსკი დადგა, მაგრამ პირველივე მოსახვევში მას უკნიდან ყაზახი ალექსანდრ არტემიევი დაეჯახა. ჩეხი დატრიალდა, ყაზახმა კი გზა განაგრძო, თანაც ლიდერის რანგში. მაგრამ პირველი წრის ბოლოს მოსახვევში მას ჯერ ბორკოვიჩმა გაასწრო, მეორე წრის პირველივე მოსახვევში კი - ფიშამაც გაუარა. მალე ფულინისგანაც იგივე ელოდა, მაგრამ სტიუარდებმა სტარტზე მომხდარ ინციდენტში ყაზახის ბრალი დაადგინეს და მას პიტლეინზე „გასეირნება“ მიუსაჯეს.
ამჯერადაც შესანიშნავად იასპარეზა ქაჯაიამ, რომელმაც სამი პოზიციით წინ წაიწია და ამჯერად მეოთხე შედგს დასჯერდა, თუმცა მთავარი ისაა, რომ თავის კლასში საუკეთესო ისევ ის გახდა და ამგვარად, ზედიზედ მეორე გამარჯვება მიითვალა.
ETCC-ს სერიის მეორე ეტაპი, სლოვაკეთში ჩატარდება და მას სლოვაკიარინგი უმასპინძლებს.

No comments:

Post a Comment