Tuesday, April 28, 2015

ახალი ძრავები „ლენდ როვერ დისქავერი სპორტისთვის“

Land Rover Discovery Sport Gets 150PS and 180PS Ingenium Diesels
28 აპრილი
„ლენდ როვერის“ უახლესი უგზოობის ავტომობილის, „დისქავერი სპორტის“ ძრავების გამა, სერია ინჯენიუმის ორი უახლესი დიზელის ძრავით შეივსო, რომლებიც დიზელის ახლანდელ აგრეგატს ჩაანაცვლებენ. ამ ძრავებით აღჭურვილი ავტომობილები პირველ რიგში (მაისიდან), ევროპასა და სამხრეთ კორეაში შევა. ეს ორი ძრავი ფაქტობრივად, ერთია, ფორსირების განსხვავებული ხარისხით. ესაა ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი აგრეგატი 150 (380 ნმ) და 180 (430 ნმ) ცხენის ძალით.
ახალი უფრო სუსტი ძრავით და მასთან დაკავშირებული, 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფით აღჭურვილი „დისქავერი სპორტი“ 100 კილომეტრს 4.9 ლიტრი საწვავით გაივლის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროში 129 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. რაც შეეხება დინამიკურ მახასიათებლებს, 180-ცხენისძალიანი ვერსიით და მასთან დაკავშირებული ავტომატური (9-საფეხურიანი) ტრანსმისიით აღჭურვილ ხუთადგილიან ავტომობილს, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 8.9 წამი ჰყოფნის, მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 188 კილომეტრია.
ახალი ძრავებით აღჭურვილი „დისქავერი სპორტი“ ასევე დამზადდება ვარიანტ „E-კეიპებილიტის“ სახით. მეტსახელში ასო E ეკონომიურ ვარიანტს ნიშნავს. ამ შემთხვევაში, ავტომობილის სახელის წარწერაში, სიტყვა „სპორტ“ ლურჯი ფერის იქნება. ასეთ ეკიპირებას ხუთადგილიანი ვერსია (ორივე ახალი ძრავის შემთხვევაში) მიიღებს. ასეთი ავტომობილები 18-დუიმიან ბორბლებზე დადგება, რომლებიც დაბალი წინააღმდეგობის მქონე საბურავებით იქნება შემოსილი. გარდა ამისა, ტრანსმისიის ბოლო საფეხურს განსხვავებული გადაცემის რიცხვი ექნება. და ეს ყველაფერი არაა - „ლენდ როვერი“ მალე „დისქავერი სპორტის“ კიდევ უფრო ეკონომიურ ვერსიასაც გამოუშვებს.
გარდა იმისა, რომ საწვავს ეკონომიურად მოიხმარს და გარემოსაც ნაკლებად დააბინძურებს, ახალ ძრავებს მომსახურების გაზრდილი ინტერვალებიც აქვს. კერძოდ, თუ ახლანდელ 2.2-ლიტრიან დიზელს ყოველ 25 750 კილომეტრზე ესაჭიროება სერვისი, ინჯენიუმის ძრავებზე ეს ინტერვალი 33 796 კილომეტრია.
ინჯენიუმის ძრავებს „ლენდ როვერი“ უახლეს ქარხანაში აწარმოებს, რომელიც უესტ მიდლენდში აშენდა. მისი წლიური წარმადობა 450 000 ძრავია.

No comments:

Post a Comment