Thursday, April 30, 2015

„რედ ბული“ მაინც პროგრესირებს

Red Bull Making Progress Despite Renault Engine Issues
30 აპრილი
როდესაც ფ1-ის გუნდი პირველი ოთხი რბოლის შემდეგ, ლიდერს 136 ქულით ჩამორჩება, მისთვის მცირე წინსვლაც კი მნიშვნელოვანია. სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა „რედ ბული“, რომელსაც აშკარად ღალატობს „რენოს“ ძრავი, თუმცა აშკარაა, რომ მანქანაც არაა მოწოდების სიმაღლეზე. და აი, ავსტრიული გუნდის შეფმა კრისტიან ჰორნერმა პირველი ოპტიმისტური განცხადეება გააკეთა.
ჰორნერი ამბობს, რომ სიტუაცია ნელ-ნელა უმჯობესდება და ამის ნიშნები უკვე არსებობს: „მანქანა აშკარად პროგრესირებს. ბაჰრეინში ჩვენი საუკეთესო რბოლა ჩავატარეთ. მთავარი პრობლემა ისაა, რომ კომპრომისულ პირობებში გვიწევს ასპარეზობა. ამის გამო, მანქანის ოპტიმალურად მომართვას ვერ ვახერხებთ. სწორზე ჩვენი სიჩქარე შეზღუდულია, რის გამოც, ფრთებით მანიპულირება გვიწევს, რათა სიჩქარის დეფიციტის ნაწილობრივ შემცირება შევძლოთ. ამას კი თავის მხრივ, სხვა უარყოფითი შედეგები მოსდევს. მაგალითად, უარესდება ჩაჭიდება და საბურავები გვიან ხურდება“.
მნიშვნელოვანია, რომ კვალიფიკაციაზე ლიდერებთან ჩამორჩენა შემცირდა. მაგალითად, თუ ავსტრალიაში დროის დეფიციტი ორი წამი იყო, ბაჰრეინში ეს მაჩვენებელი 1.26 წამამდე შემცირდა. ამასთან, ბაჰრეინის რბოლა დანიელ რიკარდომ მე-6 ადგილზე დაასრულა, რაც ამ სეზონში მისი საუკეთესო შედეგია.
ახლა ჯერი „რენოზეა“, რომელსაც საქმეს ის ფაქტი ურთულებს, რომ მისი აგრეგატი მეტისმეტად არასაიმედოა. იმ დროს, როცა გუნდს ერთ პილოტზე, ერთ სეზონში მხოლოდ ოთხი ძრავის გამოყენების უფლება აქვს, რიკარდოს მანქანაზე უკვე სამი აგრეგატი დაზიანდა. ანუ, ის ლიმიტს აშკარად სეზონის ეკვატორამდე ამოწურავს. ამიტომ, ფრანგულ კომპანიას სიმძლავრის გაზრდამდე, აგრეგატის საიმედობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა მოუწევს. ეს კი ნიშნავს, რომ „რედ ბულს“ სწორზე სიჩქარის გაზრდის იმედი ჯერ არ უნდა ჰქონდეს...

No comments:

Post a Comment