Monday, March 23, 2015

„ფორდმა“ პიკაპი „რეინჯერი“ განაახლა

Facelifted Ford Ranger Officially Unveiled
23 მარტი
„ფორდმა“ ინტერნეტით თავისი განახლენული პიკაპი „რეინჯერი“ გაგვაცნო და მისი პირველი ფოტოები გამოაქვეყნა. განახლებულ ავტომობილს ახალი წინა ნაწილი და გადახალისებული ინტერიერი აქვს. ამასთან გაუმჯობესებული ძრავებით და უახლესი ტექნოლოგიებითაცაა აღჭურვილი. ახალი „რეინჯერი“, მსოფლიოს 180 ქვეყნის ბაზარზე იქნება ხელმისაწვდომი.
განახლებული „რეინჯერი“ წინა ნაწილით უგზოობის მოდელ „ევერესტის“ მსგავსი გახდა. მას უფრო ზორბა, ტრაპეციის ფორმის რადიატორის ცხაური და გლუვი ფარები გამოარჩევს. კაპოტი კი უწინდელზე „დაკუნთულია“. სიახლეებია ინტერიერშიც, რომელიც უფრო მსუბუქი ავტომობილის სტილში შესრულდა და კომფორტული გახდა. მასში ახალია 8.0-დუიმიანი სენსორული ეკრანი და საჭის რგოლის უკან განლაგებული, მაჩვენებლების თხევადკრისტალური დაფა, რომელზეც ავტომობილის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ.
განახლდა შასიც, სადაც მოდიფიკაცია დაკიდების სისტემას ჩაუტარდა. ამის წყალობით, ავტომობილი უფრო კომფორტულიც გახდა და უკეთ სამართავიც. საჭის სისტემა ელექტრული გამაძლიერებლით აღიჭურვა, რამაც მაღალი სიჩქარით მოძრაობისას, მისი მუშაობა უფრო ზუსტი გახადა. ამასთან, დაბალი სიჩქარით მანევრირებისას, საჭე უფრო დარბილდა. სისტემას აღარ ემსახურება ტუმბო, რის გამოც, ავტომობილი ჩუმიცაა და ეკონომიურიც (დაახლოებით სამი პროცენტით).
რაც შეეხება ძრავებს, განახლებულ „რეინჯერს“ მათი განახლებული გამა აქვს, რომელშიც ოთხი აგრეგატი შევიდა. ძრავებთან წყვილში ავტომატური და მექანიკური 6-საფეხურიანი კოლოფები მუშაობს. ოთხივე აგრეგატი სერია დურატორქისაა. მათგან ყველაზე დიდი და ძლიერია დიზელის 3.2-ლიტრიანი ხუთცილინდრიანი TDCi, რომელსაც გამონაბოლქვი გაზების რეცირკულაციის განახლებული სისტემა ემსახურება. ის 197 ცხენის ძალას და 470 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს და წინამორბედზე 18 პროცენტით ეკონომიურიცაა.
ოთხიდან კიდევ ორია დიზელის. ორივე 2.2-ლიტრიანი ოტხცილინდრიანი TDCi-ა, რომლებსაც ფორსირების განსხვავებული ხარისხი აქვთ. ერთი 130 ცხენის ძალას იძლევა, მეორე კი - 160 ცხენის ძალას. ბენზინის ძრავიც სერია დურატორქს მიეკუთვნება. ის 2.5-ლიტრიანია და 166 ცხენის ძალას და 225 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს.
ახალი „რეინჯერის“ ეკიპირებაში შევიდა კავშირის სისტემა „სინკ2“, ზოლში მოძრაობის შენარჩუნების და დამხმარე სისტემა, ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი, წინიდან შეჯახების გამაფრთხილებელი, უკუსვლით პარკირების დამხმარე, საბურავებში წნევის კონტროლის სისტემები, სტაბილურობის ელექტრონული პროგრამა და სხვა.
განახლებულ „რეინჯერს“, სხვადასხვა ბაზრისთვის ისევ სხვადასხვა ქვეყნებში გამოუშვებენ. კერძოდ, ტაილანდში აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონის ბაზრებისთვის აწარმოებენ, სამხრეთ აფრიკაში გამოშვებული ავტომობილები აფრიკასა და ევროპაში გაიყიდება, არგენტინაში წარმოებული კი - ლათინური ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი.

No comments:

Post a Comment