Monday, March 23, 2015

საქართველოს 2015 წლის ჩემპიონატი წრიულ რბოლებში და ახალი გამოწვევები

23 მარტი

5 აპრილს სტარტს აიღებს საქართველოს 2015 წლის ჩემპიონატი წრიულ რბოლებში. ისევე როგორც წინა წლებში, ამჯერადაც რუსთავის და ისტანბულის ტრეკებზე, დაძაბული რბოლების მოწმენი გავხდებით - როგორც ყოველთვის, ფორმულა ალფასა და ლეჯენდსის კლასებში, ასევე „ჰონდას“ მონო კლასში, გამარჯვებისთვის უშეღავათო რბოლების მოწმენი ვართ ხოლმე. ახალი სეზონიდან კი მაყურებელს ტრიბუნაზე ახალი კლასი - „ბეემვე“ კომპაქტიც მოიზიდავს. ამის გარანტიას, საქართველოში ბავარიული კომპანიის პოპულარობა იძლევა.
რაც მთავარია, ახალი სეზონიდან სტარტს აიღებს საერთაშორისო, კონტინენტური თასი, რომელიც ლეჯენდსის კლასში ჩატარდება და ქართველი მრბოლების გარდა, მასში მონაწილეობას თურქი, უკრაინელი, რუსი, ლატვიელი, ლიტველი და ფინელი მრბოლებიც მიიღებენ. ეტაპები კი, რუსთავის მოტორპარკის გარდა, სტამბულის ისტანბულ პარკზე, რიგის (ლატვია) ბიკირნიეკიზე და პიარნუს (ესტონეთი) აუდრუ (აუტო24) რინგზე ჩატარდება.
საერთაშორისო სერია, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ინიციატივით ჩამოყალიბდა და მომავალში მისი გაფართოებაა გათვალისწინებული. მოიმატებს როგორც მონაწილე ქვეყნების, ასევე ეტაპების რიცხვიც. თუმცა გაფართოებამდეც, მას მონაწილეები არ დააკლდება - მარტო საქართველოდან, მის გასვლით ეტაპებზე 12-15 მრბოლი იასპარეზებს. ახლავე არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ პიარნუს ეტაპზე, რომლის მასპინძლებიც ფინელები იქნბიან, 60-მდე პილოტი მოიყრის თავს. ამის გარანტია კი ფინეთში ლეჯენდსის კლასის პოპულარობაა.
საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ ახლახანს პიარნუს და რიგის ტრასები მოინახულა და იქაური რბოლების მასპინძლებთან, საორგანიზაციო საკითხები შეათანხმა. სხვათა შორის, რიგაში ბიკირნიეკის ტრეკს რეკონსტრუქცია უტარდება. ტრასა კონტინენტური თასის ლატვიური ეტაპისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება. დანარჩენი სამივე ტრასას კი დღესვე შეუძლია რბოლების მიღება.
აშკარაა, რომ საჭირო ფინანსების მუდმივი დეფციტის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში ავტოსპორტი ვითარდება და იმედია, წინსვლის ტემპი არ შენელდება. მაგრამ ამისათვის ფულია საჭირო, რის გარეშეც, დადგება მომენტი, როცა მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე განვითარება შეუძლებელი გახდება. ჩვენს ქვეყანაში კი ეკონომიკა არაა იმ დონეზე, რომ საჭირო რაოდენობით რეკლამის მოზიდვა მოხერხდეს.
სწორედ ფულზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა სხვადასხვა ევროპული სერიების სამგზის ჩემპიონი დათა ქაჯაია, კარიერის ტურიზმის კლასის ევროპის ჩემპიონატზე (ETCC) გაგრძელებას. მას რეალური შანსი აქვს იმისა, რომ ამჯერადაც გააოცოს სპეციალისტები და ამ შემთხვევაში, ამავე კლასის მსოფლიო ჩემპიონატამდე (WTCC) ერთი ნაბიჯიღა იქნება.
დაკიდევ, ფორმულა ალფას ჩემპიონატის მონაწილე რამდენიმე ნიჭიერ ახალგაზრდა მრბოლს, ჯერჯერობით ისევ მხოლოდ საშინაო, თუნდაც ძალიან საინტერესო რბოლებში მონაწილეობით დაკმაყოფილება მოუწევს. არადა, მათ მცირე ბიძგი სჭირდებათ იმისათვის, რომ საერთაშრისო კარიერა დაიწყონ. და გარწმუნებთ, თავს არ შეირცხვენენ!
და მოყოლას სასიამოვნო ინფორმაციით დავასრულებთ. საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტ შოთა აფხაზავას გუნდმა „არტლაინმა“ დაასრულა ფორმულა 3-ის ბოლიდის შემუშავება და გერმანიის ჩემპიონატში დაბრუნების გარდა, ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლასაც გეგმავს. მისი ერთ-ერთი პილოტი კი ალბათ ქართველი იქნება...

წრიული რბოლების 2015 წლის სეზონის კალენდარი
4-5 აპრილი               სეზონის გახსნა, 1-ლი ეტაპი (ყველა კლასი), რუსთავი
25-26 აპრილი           მე-2 ეტაპი (ყველა კლასი), რუსთავი
6-7 ივნისი                 მე-3 ეტაპი (ლეჯენდსის გარეშე), რუსთავი
27-28 ივნისი             კონტინენტური (მხოლოდ ლეჯენდსი), პიარნუ
4-5 ივლისი               მე-4 ეტაპი (ლეჯენდსის გარეშე), რუსთავი
4-5 ივლისი               კონტინენტური (მხოლოდ ლეჯენდსი), რიგა
26-27 სექტემბერი    მე-5 ეტაპი (ყველა კლასი), რუსთავი
18 ოქტომბერი          მე-6 ეტაპი, კონტინენტური (ყველა კლასი), ისტანბული
31 ოქტ-1 ნოემ          მე-7 ეტაპი, სეზონის დახურვა, კონტინენტური, რუსთავი 

No comments:

Post a Comment