Tuesday, January 6, 2015

„ფერარი 458 M-ის“ დებიუტი ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება

679 HP Ferrari M458-T to Debut at the 2015 Geneva Motor Show
6 იანვარი
ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ფერარიმ“ მოდელ „458 იტალიას“ წარმოება დაიწყო. ეს 4.5-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავით და მასთან ორქუროიანი გადაბმულობით დაკავშირებული 7-საფეხურიანი ტრანსმისიით აღჭურვილი ავტომობილი თავის სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია, თუმცა უკვე დაუდგა განახლების დრო. მალე მას მოდიფიცირებული ვერსიით შეცვლიან, რომელიც ბაზარზე „ფერარი 458M-ის“ სახელით წარდგება.
ამ ავტომობილში სახელი მთავარი არაა. მთავარი მისი აგრეგატია, რომელიც ტურბო კომპრესორით აღიჭურვება. ჯერ ამ ძრავზე ზუსტი ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა. თუმცა სავარაუდოდ, ეს იქნება 3.8-ლიტრიანი ტურბო V8, რომელიც იტალიურმა კომპანიამ „კალიფორნია T-ზე“ უკვე გამოიყენა. ამ ძრავის სიმძლავრე 552 ცხენის ძალაა, ანუ დაახლოებით იმდენი, რამდენსაც ახლანდელი „ფერარი 458 იტალიას“ 4.5-ლიტრიანი ატმოსფერული V8 გამოიმუშავებს. მაგრამ სავარაუდოდ, ტურბო ძრავი 680 ცხენის ძალამდე გაძლიერდება.
ძარის ცვლილებები ძრითადად აეროდინამიკური მახასიათებლების გასაუმჯობესებლად განხორციელდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა გარეგნული ცვლილება ევოლუციურია და არა რადიკალური. ამ ყველაფრის დანიშნულება, ავტომობილის დინამიკური მახასიათებლების გარდა, მისი მართვადობის გაუმჯობესება, ასევე საწვავის ხარჯის და გამონაბოლქვში ნახშირროჟანგის შემცველობის შემცირებაცაა.
სიმძლავრის და მასთან ერთად, მაბრუნი მომენტის ზრდის კვალობაზე, აუცილებლად შესაცვლელი იქნება გადაცემათა კოლოფიც - „გეტრაგის“ წარმოების 7-საფეხურიანი და ორქუროიანი კოლოფი, რომელსაც ამჟამად იყენებენ, ასეთ დატვირთვებზე გათვლილი არაა. ამიტომ მარანელოში მის მოდიფიცირებაზეც იზრუნებენ.
ძრავის ლიტრაჟის შემცირებას ერთი კონკრეტული მიზანიც ჰქონდა. საქმე ისაა, რომ ჩინეთის ბაზარზე, რომელიც თანდათან „ფერარისთვის“ სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, დიდ ძრავებზე გადასახადები ძალიან დიდია. თუმცა ისიც ფაქტია, რომ „ფერარის“ ხელმძღვანელობას არც ფასს მომატების შიში აქვს და არც გაყიდვების გაზრდაზე აკეთებს აქცენტს. მარანელოელთათვის მთავარი მიზანი, მათი ავტომობილებისთვის ექსკლუზიურობის შენარჩუნებაა.

ბრიტანულ გამოხემა „ქართან“ საუბრისას, „ფერარის“ წარმომადგენლებს არ დაუმალავთ, რომ 458 M-ის პრემიერას ჟენევის მოტორ შოუზე გეგმავენ. თუმცა, პროექტის გაჭიანურების შემთხვევაში, ავტომობილს ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაგვაცნობენ.

No comments:

Post a Comment