Thursday, December 4, 2014

„მუსტანგმა“ გაყიდვებში „კამარო“ ჩამოიტოვა

Mustang retakes monthly pony car sales crown from Camaro
4 დეკემბერი
1960-იანი წლებიდან მოყოლებული, ბაზარზე „ფორდ მუსტანგსა“ და „შევროლე კამაროს“ შორის უშეღავათო მეტოქეობაა. ამ პაექრობაში, ცისფერი ოვალის სიამაყეს უფრო ხშირად ჰქონდა უპირატესობა, თუმცა რამდენიმე წელია, „კამარომ“ დაწინაურება შეძლო. და მაინც, უახლესი „მუსტანგის“ გაყიდვების დაწყებიდან პირველივე სრულ თვეში, უპირატესობას ისევ „მუსტანგი“ დაეუფლა.

როგორც გამოცემა „დეტროიტბიურო“ იუწყება, ნოემბერში ცისფერმა ოვალმა 8 728 ცალი „მუსტანგი“ გაჰყიდა, ანუ შარშანდელ ნოემბერთან შედარებით 62 პროცენტით მეტი. „ფორდი“ აცხადებს, რომ 2006 წლის შემდეგ, ეს მისი მასქლ ქარის საუკეთესო ნოემბერია. შედარებისთვის, ნოემბერში „კამაროს“ მხოლოდ 4 385 მყიდველი ჰყავდა, რაც შარშანდელ ნოემბერთან შედარებით 13.5 პროცენტით ნაკლებია.
„ფორდის“ ჯგუფის ვიცე პრეზიდენტმა რაჯ ნაირმა, ვინც წარმოების განვითარებას უძღვება, „დეტროიტბიუროსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ დეტროიტის მოტორ შოუზე მისი კომპანია „მუსტანგის“ ახალ ვერსიას წარადგენს. გავრცელებული არაოფიცალური ინფორმაციით, ის „შელბი მუსტანგ GT350R-ს“ გულისხმობს, რომელიც ახლახანს, ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე წარდგენილი, „მუსტანგის“ ისტორიაში ყველაზე მძლავრი ატმოსფერული ძრავით აღჭურვილი „შელბი მუსტანგ GT350-ის“ კიდევ უფრო მძლავრი ვერსიაა.
„მუსტანგის“ ნოემბრის მიღწევის მიუხედავად, წლის შედეგებით წინ მაინც „კამაროა“, რომელიც 79 669 ცალია გაყიდული. „მუსტანგის“ ანგარიშზე 73 124 მყიდველია. ანუ, ნოემბრის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, წინ მაინც „კამარო“ დარჩება. თუმცა, აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ახალი „მუსტანგი“ უკვე გლობალური ავტომობილია და მას თანდათან სულ უფრო მეტ ბაზარზე შეიტანენ, რაც აუცილებლად აისახება გაყიდვებზე.

No comments:

Post a Comment