Saturday, June 28, 2014

IAA საქართველოში ბიზნესს გთავაზობთ

28 ივნისი
„იშოვნეთ ფული ამერიკის შეერთებული შტატებიდან ავტომობილების იმპორტით“! - ამ დევიზით, ამერიკულმა კომპანია IAA-მ (ინშურენს ავტო ოქშენზ - დაზღვევის ავტომობილების აუქციონი) და მისმა ქართველმა პარტნიორმა „იაა მოტორსმა“, ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია ჩაატარეს, რომლის მიზანიც, საქართველოში ამერიკიდან იმპორტირებული მეორადი ავტომობილებით ვაჭრობის გაფართოება და გამარტივებაა.
„ინშურენს ავტო ოქშენზი“ ამერიკაში მეორადი ავტომობილებით მოვაჭრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა. მისი საქმიანობის სფერო, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებით, ასევე მოტოციკლებით ვაჭრობაა. მისი ინტერესი მსუბუქად დაზიანებულ, ადვილად აღდგენად ავტომობილებზე, სადაზღვევო კომპანიების, გაქირავებაზე მომუშავე და სალიზინგო კომპანიების და სხვა მსხვილი ავტო პროვაიდერებისგან ძალიან დაბალ ფასში, ან სულაც უფასოდ მიღებულ ავტომობილებზე ვრცელდება.
IAA-ს ქსელში, ყოველდღე შეთავაზებაშია ათასობით ავტომობილი, რომლებიც შეერთებულ შტატებსა და კანადაში მომუშავე 150-ზე მეტ საავტომობილო აუქციონზე იყიდება. ამ აუქციონებში, კი პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან, მათ შორის საქართველოდან ადვილად შეიძლება მონაწილეობა და სასურველი ავტომობილის შეძენა. ამისათვის საკმარისია, მოვაჭრემ შეავსოს სპეციალური განაცხადი, რაც ვაჭრობაში მონაწილეობის უფლებას მისცემს. ავტომობილების დათვალიერება ნებისმიერ დროს, ვებ გვერდ www.iaai.com-ზეა შესაძლებელი.
რა უპირატესობა აქვს ამერიკაში დაზიანებული ავტომობილის შეძენას? როგორც IAA-ს ვიცე პრეზიდენტმა დენ ოსკარსონმა განაცხადა, აქ მთავარი ფაქტორი ისაა, რომ ამერიკაში დაზიანებული ავტომობილის რემონტი ძვირი ჯდება. იმდენად ძვირი, რომ მფლობელებს ურჩევნიათ, ასეთ ავტომობილს იაფად შეელიონ და ახალი შეიძინონ. ამ მხრივ, განსაკუთრებით იაფია ავტოგაქირავებისა და სადაზღვევო კომპანიების მიერ აუქციონზე გამოტანილი ავტომობილები.
ასეთი ავტომობილის შეძენის შემდეგ, მისი შეკეთება ადგილზე გაცილებით იაფი ჯდება და შესაბამისად, მყიდველს ის უფრო იაფი უჯდება, ვიდრე დაუზიანებელი ავტომობილი დაუჯდებოდა. რაც მთავარია, ასე თქვენს ხელში შეიძლება აღმოჩნდეს მაღალი კლასის ავტომობილი, რომლის შეძენაც სხვა მხრივ შეიძლება შეუძლებელიც კი ყოფილიყო.
IAA-ს აუქციონში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუმცა გაცილებით მარტივი იქნება, თუ მყიდველი ამას „იაა მოტორსის“ დახმარებით გააკეთებს. ჯერ ერთი, როგოც ქართული კომპანიის დირექტორი ირაკლი კუხიანიძე ამბობს, ასე ბევრ ფორმალობას აიცილებთ თავიდან, რაც საკმაოდ თანხასაც დაგაზოგინებთ. მეორეც, „იაა მოტორსი“ უზრუნველყოფს შეძენილი ავტომობილის შიდა გადაზიდვას, რაც სხვა შემთხვევაში საკმაოდ პრობლემური იქნებოდა. გარდა ამისა, ქართული კომპანია აფორმებს დაზღვევას და ტრანსპორტირებასაც ყველაზე იაფად ასრულებს. მოკლედ, მისი დახმარებით, ამერიკიდან (არამარტო ამერიკიდან) ავტომობილის საქართველოში ჩამოყვანა ყველაზე იაფი დაგიჯდებათ.
გარდა ამისა, „იაა მოტორსი“ თავის კლიენტს ბევრ სხვა მომსახურებასაც სთავაზობს. უფრო მეტიც, ის მზადაა, გახდს თქვენი პარტნიორი იმ შემთხვევაში, თუ მოისურვებთ, რომ მეორადი ავტომობილებით კომერციას მიჰყოთ ხელი. დაკიდევ, როგორც მისი შეფი გვპირდება, „იაა მოტორსი“ მალე ქართულ ბაზარზე სხვა სიახლეებსაც გეგმავს, რომელთა შესახებაც აუცილებლად გაცნობებთ.

No comments:

Post a Comment