Friday, June 27, 2014

ფორმულა ერთში ადგილიდან რესტარტები მკვიდრდება

Motor racing-F1 to use standing race restarts from grid in 2015
27 ივნისი
ფორმულა ერთი მორიგი სიახლეებისთვის ემზადება. მსოფლიო მოტორ სპორტის საბჭომ რეგლამენტის ცვლილებათა სია გამოაქვეყნა, რომელთაგან ერთ-ერთი გვამცნობს, რომ მომავალი სეზონიდან, რბოლებში უსაფრთხოების პერიოდების (ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის გამოსვლის) შემდეგ, ასპარეზობა ადგილიდან სტარტით განახლდება. ამ ცვლილების მიზანი, რბოლების სანახაობრივი მხარის გაუმჯობესებაა, თუმცა მას ბევრი პილოტი უკვე აკრიტიკებს.
„მესმის, რომ სტარტი ფანებისთვის რბოლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილია, მაგრამ რესტარტი ადგილიდან ძალიან ექსტრემალურად ჟღერს და იმედი მაქვს, რომ ეს არასდროს მოხდება. ეს უკვე მეტისმეტია“, - ამბობს ნიკო როსბერგი, ვინც ამჟამად მსოფლიო ჩემიონატს დამაჯერებლად ლიდერობს.
მაგრამ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია (FIA) აცხადებს, რომ ეს ცვლილება მსოფლიო მოტორ სპორტის საბჭოსთან უკვე შეთანხმებულია. „უსაფრთხოების მანქანის გასვლის შემდეგ, რესტარტები ადგილიდან მოხდება. გამონაკლისები იმ შემთხვევებში იქნება, თუ უსაფრთხოების მანქანა რბოლის დაწყებიდან ორი წრის გავლამდე გამოვა. ან თუ რბოლის დასრულებამდე ხუთი წრე, ან ნაკლები იქნება დარჩენილი“, - ნათქვამია FIA-ს განცხადებაში.
ადგილიდან რესტარტი არც დანიელ რიკარდოს ხიბლავს. „ადგილიდან სტარტის შემთხვევაში, დიდი შანსია იმისა, რომ ცუდად დაიწყო და ერთბაშად რამდენიმე პოზიცია დაკარგო. ეს მეტისმეტია იმ პილოტებისთვის, რომლებმაც რბოლის პირველი ადგილიდან დაწუყების უფლება მოიპოვეს“, - ამბობს ავსტრალიელი.
არის სხვა ცვლილებებიც, რომელთაგან ბევრი სეზონზე დანაახარჯების შემცირებისთვისაა. ისინი ეხება ტესტებს, მანქანის შემუშავების და სრულყოფის პროცესებს და გამოყენებულ ტექნოლოგიებს. მაგალითად, სეზონისწინა ტესტები აღარ ჩატარდბა ევროპის გარეთ. მათი რიცხვი სამი იქნება და თითოეული სერია ოთხდღიანი უნდა იყოს. 2016 წლიდან კი ტესტების რიცხვი ორ ოთხდღიან სერიამდე შემცირდება. სეზონის მსვლელობისას, ორი ორდღიანი ტესტები ჩატარდება, ორივე ევროპაში. ამასთან, ოთხიდან ორ დღეს ტრასაზე ახალბედა პილოტები უნდა გავიდნენ.
იზღუდება აეროდინამიკური მილის გამოყენება. დაშვებულია მილში კვირაში 65 საათი (ამჟამად 80 საათი) მუშაობა. ასევე იზღუდება კომპიუტერული ჰიდროდინამიკის გამოყენება. ცვლილება ეხება ავტომობილების გარეგნობასაც. მიზანი - უსაფრთხოების გაუმჯობესება და მათი დიზაინის დახვეწა და უშნო ცხვირების მოშორება.
სიახლეა მოსალოდნელი ძრავების გამოყენების შეზღუდვებშიც. კერძოდ, სეზონზე ერთ პილოტს მხოლოდ ოთხი აგრეგატის გამოყენბის უფლება მიეცემა. მაგრამ თუ ეტაპების რიცხვი 20-ზე მეტი იქნება, მაშინ დასაშვებია ხუთი აგრეგატით სარგებლობა.

No comments:

Post a Comment