Sunday, June 8, 2014

რიკარდომ მონრეალში პირველი გამარჯვება იზეიმა

Motor racing-Ricciardo takes his first F1 win in Canada
8 ივნისი
„მერსედესის“ გამარჯვებათა სერია შეწყდა. სამქიმიანებს ერთბაშად ორივე მანქანაზე შეექმნათ პრობლემები და ამით შესანიშნავად ისარგებლა „რედ ბულის“ ავსტრალიელმა ახალწვეულმა დანიელ რიკარდომ, რომელმაც თავის ფ1-ის კარიერაში პირველი გამარჯვება იზეიმა. ლუის ჰამილტონმა ფინიშს ამ სეზონში მეორედ ვერ მიაღწია, ნიკო როსბერგი კი მეორე ადგილს დასჯერდა, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ თანაგუნდელთან უპირატესობა გაეზარდა.
რიკარდო ფინიშის ხაზთან უსაფრთხოების მანქანამ მიაცილა - ბოლო წრის დასაწყისში, ფელიპე მასა მის წინ მიმავალ სერხიო პერესს დაეჯახა, ვისაც ჯერ ფინიშამდე 5 წრით ადრე რიკარდომ გაუარა, ბოლოსწინა წრის ბოლოს კი - ფეტელმაც. აღსანიშნავია, რომ ავსტრალიელმა პერესის გასწრების შემდეგ, როსბერგის ჩამოტოვებაც შეძლო, რომლის მანქანაზეც აგრეგატი ნაკლებ სიმძლავრეს იძლეოდა.
სხვათა შორის, პრობლემები პერესსაც ჰქონდა, რომელმაც თავისიანებს რადიოთი შეატყობინა, რომ მუხრუჭები არ უმუშავებდა. ამის მიუხედავად, ის კარგა ხანს აკავებდა რიკარდოს და როცა ამან გაასწრო, ფეტელს არ აძლევდა წინ გასვლის საშუალებას. შეჯახების შემდეგ, მასას მანქანამ ფეტელისას გაუარა და გერმანელს მასთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად, სიჩქარის შემცირება და ტრაექტორიის შეცვლაც კი დასჭირდა. მასა და პერესი კი ტრასის მარჯვენა მხარეს არსებულ, საბურავების დამცავ კედელს დაეჯახნენ. ბედად, ტრავმას ორივე გადაურჩა, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით, ისინი ადგილობრივ მედცენტრში მაინც გადაიყვანეს.
რბოლის შემდგომ, სტიუარდებმა მომხდარი განიხილეს და მასში პერესის ბრალი აღმოაჩინეს - მათი აზრით, იმ მომენტში, როცა მასა ასწრებდა, მექსიკელმა მოულოდნელად და მკვეთრად შეცვალა ტრაექტორია. მოკლედ, პერესმა მომდევნო რბოლის სტარტზე ხუთადგილიანი ჯარიმა მიიღო. არადა, მუხრუჭების პრობლემები რომ არა, ამ სეზონში მეორე კვარცხლბეკის რეალური შანსი ჰქონდა...
„ცოტა არ იყოს, შოკში ვარ. ეს საოცარი გრძნობაა“, - კვარცხლბეკზევე, კანადური რბოლის 1995 წლის გამარჯვებულ ჟან ალეზისთან სახელდახელო ინტერვიუსას განაცხადა გამარჯვებულმა, ვინც კლასიფიკაციაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. კმაყოფილი დარჩა როსბერგიც, ვისთვისაც მთავარი გამარჯვება კი არა, ქულების დაგროვებაა.
სტარტზე როსბერგს ჰამილტონმა გაასწრო, თუმცა ბრიტანელმა მეტისმეტად მაღალი სიჩქარით მოისურვა პირველი მოსახვევის გავლა და მასში ვერ ჩაეტია. ამიტომ, როსბერგმა იქვე დაიბრუნა ლიდერობა, ჰამილტონს კი ფეტელმაც გაასწრო. თუმცა, ბრიტანელმა „თავისი“ პოზიცია რესტარტიდან ორ წრეში დაიბრუნა. რესტარტი კი პირველ წრეზე, „მარუსიას“ ორ პილოტს შორის შორის მომხდარი ავარიის გამო, ტრასაზე გამოსული პეისქარის ბოქსში შებრუნებას მოჰყვა.
თანაგუნდელებს შორის ბრძოლა ამით არ დასრულებულა. 46-ე წრეზე, როცა ორივეს ძრავთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა, მეორე სტოპიდან ტრასაზე დაბრუნებული ჰამილტონი როსბერგის წინ და მასას უკან აღმოჩნდა. გერმანელმა უმალ გაუარა, ბრიტანელმა კი პოზიციის დაბრუნება სცადა და გამოუვიდა კიდეც, მაგრამ ამ დროს მოსახვევი მოჭრა და ჯარიმის თავიდან ასაცილებლად, მეტოქე წინ გაუშვა. მომდვნ წრეზე კი საერთოდაც გაჩერდა.

კანადის დიდი პრიზი
მონრეალი, დისტანცია 305.270 კმ (70 წრე, 4.361 კმ)
1. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)           1:39:12.830
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     +00:04.236
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              00:05.247
4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 00:11.755
5. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            00:12.843
6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   00:14.869
7. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                    00:23.578
8. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)             00:28.026
9. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                         00:29.254
10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                           00:53.678
11გ. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                  1 წრე
12გ. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                    1 წრე
13. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    1 წრე
14გ. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               6 წრე
გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                   9 წრე
გ. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                     21 წრე
გ. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           23 წრე
გ. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                        46 წრე
გ. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)          48 წრე
გ. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                  62 წრე
გ. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                       70 წრე
გ. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                        70 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ფელიპე მასა - 1:18.504, 58-ე წრე


მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ნიკო როსბერგი - 140 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 118; 3. დანიელ რიკარდო - 79; 4. ფერნანდო ალონსო - 69; 5. სებასტიან ფეტელი - 60; 6. ნიკო ჰულკენბერგი - 57; 7. ჯენსონ ბატონი - 43; 8. ვალტერი ბოტასი - 40; 9. კევინ მაგნუსენი - 23; 10. სერხიო პერესი - 20; 11. ფელიპე მასა - 18; 12. კიმი რაიკონენი - 18; 13. რომენ გროჟანი - 8; 14. ჟან-ერიკ ვერნი - 8; 15. დანილ კვიატი - 4; 16. ჟიულ ბიანკი - 2

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 258 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 139; 3. ფერარი - 87; 4. ფორს ინდია-მერსედესი - 77; 5. მაკლარენ-მერსედესი - 66; 6. უილიამს-მერსედესი - 58; 7. ტორო როსო-რენო - 12; 8. ლოტუს-რენო - 8; 9. მარუსია-ფერარი - 2

No comments:

Post a Comment