Sunday, June 1, 2014

„აუდი“ ნაცისტების დანაშაულებებში ღრმად იყო ჩართული

New Investigation Shows Audi's Deep Nazi Involvements
1 ივნისი
გერმანული პროდუქცია, მათ შორის ავტომობილები, თანამედროვე მსოფლიოში საუკეთესო ხარისხით გამოირჩევა. ასე იყო გასული საუკუნის 30-40-იან წლებში, როცა მსოფლიო ფაშისტურმა გერმანიამ და კომუნისტურმა სსრკ-მ (სახე და სახელშეცვლილმა რუსეთმა) შეაზანზარეს. და ამ დროს, იმ კომპანიების უმეტესობა, რომლებითაც თანამედროვე მსოფლიოა აღფრთოვანებული, ნაცისტების სასარგებლოდ მუშაობდა.
მაგალითად, ფიურერი დიდი მონდომებით აფინანსებდა „მერსედეს-ბენცის“ და „აუტო უნიონის“ ავტოსპორტულ აქტივობებს - ფაშისტურ გერმანიას ყველა ფრონტზე სურდა პირველობა, ფიურერისვე უშუალო ჩართულობით, ლეგენდარულმა ფერდინანდ პორშემ სახალხო ავტომობილის - „ფოლკსვაგენ ბიტლის“ წინამორბედი შეიმუშავა და ომი რომ არა, ჰიტლერის დავალებით, მასობრივადაც გამოუშვებდა. მაგრამ სამწუხაროდ, ჰიტლერმა პორშეს ნიჭი ხალხის სასარგებლოდ კი არა, მათ დასახოცად გამოიყენა. „უგო ბოსი“ კი ფაშისტებისთვის ხარისხიან სამოსს აწარმოებდა - სწორედ მისი შეკერილია ნაცისტთა ელეგანტური უნიფორმები.
ჰიტლერთან თანამშრომლობის გამო, პორშეს ხსენებაც არ უნდათ მის მშობლიურ ქალაქ ვრატისლავიცე ნად ნისოუ-ში (იგივე მაფერსდორფში), სადაც სახელოვანი ინჟინრის სახელობის მუზეუმის გახსნაც კი არ სურთ. ბევრი კომპანია კი, რომლებიც ნაცისტებთან თანამშრომლობაში ამხილეს, ფინანსურ კონტრიბუციას დღესაც კი ეწევა, რათა კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებში, ამათუიმ სახით მონაწილეობა გამოისყიდონ. უფრო მეტიც, ისინი ხშირად თავადვე აქტიურობენ, რათა საკუთარი წარსულის ჯერაც უცნობი და ბნელი მომენტები გაიხსენონ და თუ საჭირო იქნება, მისი გამოსყიდვაც სცადონ.
სწორედ ამ მიზნით, „აუდიმ“ თავადვე დააფინანსა კვლევა, რომელიც მის წარსულს შეეხებოდა. „აუტო უნიონის“ დამაარსებელმა (1932 წელს დააარსა), დოქტორმა რიხარდ ბრუნმა 1939 წელს ვერვირტშაფტსფიურერის წოდება (მილიტარული ეკონომიკის ერთ-ერთი ლიდერის) წოდება მიიღო. ეს ზუსტად მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მოხდა. შვიდი წლით ადრე, მან თავისი „აუტო უნიონის“ ჯგუფში ოთხი კომპანია - „აუდი“, „ჰორხი“, „ვანდერერი“ და DKW გააერთიანა. ეს კომპანია აქამდე მხოლოდ იმით იყო ცნობილი, რომ ავტომობილებს აწარმოებდა და რბოლებში მონაწილობდა.
მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ დოქტორ ბრუნის კომპანია ომის დროს სრულიად გასამხედროებული იყო და ვერმახტის არმიას საბრძოლო საშუალებებით ამრაგებდა. სწორედ „აუტო უნიონის“ საწარმოები უშვებდა ტანკების ძრავებს, ტორპედოებს და უამრავ სხვა იარაღს, რომელთა წყალობითაც, ჰიტლერმა წარმოუდგენლად მძლავრი არმია შექმნა. კვლევისას ასევე გაირკვა, რომ კომპანიის სასარგებლოდ მუშაობდა 3 700-ზე მეტი სამხედრო ტყვე, რომლებიც შვიდ საკონცენტრაციო ბანაკში შეაგროვეს. აქედან მინიმუმ მეოთხედი ებრაელი იყო.
უფრო მეტიც, „აუტო უნიონის“ კისერზეა დაახლოებით 4 500 ადამიანის სიკვდილი ფლოსენბურგის საკონცენტრაციო ბანკში. გარდა ამისა, ხემნიცისა და ცვიკაუს ბანაკების საწარმოებში, „აუტო უნიონის“ სასარგებლოდ დაახლოებით 16 500 ადამიანი მუშაობდა. 1945 წელს მკვლელობები შეჩერდა. ბრუნი დააპატიმრეს და ციხე მიუსაჯეს. მაგრამ გათავისუფლების შემდეგ, ბრუნმა როგორღაც თავი მოუყარა ფინანსებს და საავტომობილო კომპანია, იმავე ოთხრგოლიანი ემბლემით და „აუდის“ სახელით აღადგინა.
კომპანიის წარმატებული მუშაობის გამო, დასავლეთ გერმანიის მთავრობამ ბრუნი 1953 წელს დიდი ჯვრის ორდენით დააჯილდოვეს. ის 1964 წელს გარდაიცვალა, როგორც „გმირი“, რომელმაც ლუქს კლასის ავტომობილების ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია შექმნა. მაგრამ აღნიშნული კვლევის შემდეგ, გერმანულმა კომპანიამ პირველ რიგში, ბრუნის შესახებ ბიოგრაფიული მონაცემები შეცვალა და მის მიმართ ნახსენები ყველა საქებარი სიტყვა და ფრაზა წაშალა.

No comments:

Post a Comment