Thursday, June 12, 2014

ლე მანის პოული „ტოიოტას“ კაზუკი ნაკაძიმამ მოიგო

Le Mans: Kazuki Nakajima earns Toyota pole as Porsche grabs second
12 ივნისი
„ტოიოტას“ ნომერ 7 ეკიპაჟის იაპონელი მრბოლის, კაზუკი ნაკაძიმას გამარჯვებით დასრულდა ლე მანის 24-საათიანი რბოლის საკვალიფიკაციო სესია. ფორმულა ერთის ყოფილი პილოტი ერთადრთი გამოდგა, ვინც წრის გავლა სამ წუთსა და 22 წამზე ნაკლებში გაიარა და თითქმის ნახევარი წამით აჯობა „პორშეს“ ეკიპაჟს (N14), რომლის საჭესაც ფრანგი რომენ დუმასი მართავდა.
„მართალია, 24-საათიანი რბოლა გველის, მაგრამ პოულიდან მის დაწყებას მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს. სხვა თუ არაფერი, შესანიშნავ განწყობაზე ვარ და თანაც, მანქანაც კარგად მუშაობს. ერთხანს ტრეფიკში მოვყევი, მაგრამ ერთი ისეთი წრის გავლა მაინც შევძელი, რომ ხელი არ შემშლოდა და ბედად, ეს საკმარისი აღმოჩნდა“, - განაცხადა ნაკაძიმამ.
მარცხნიდან: სტეფან სარაზენი, მის ლე მანი, ნაკაძიმა და ალექს ვურცი
მესამე ადგილი, „ტოიოტას“ კიდევ ერთმა ეკიპაჟმა (N8) დაიკავა, რომლის საჭესაც ფ1-ის კიდევ ერთი პილოტი, შვეიცარიელი სებასტიან ბუემი მართავდა. ის თანაგუნდელს დაახლოებით 0.7 წამით ჩამორჩა. მეოთხე ადგილიც „პორშეს“ ეკიპაჟს (N20) ერგო, რომელიც პირველ სესიაზე შუალედურ პოულზეც კი იმყოფებოდა. თუმცა შემდგომ ორ სესიაზე დროის გაუმჯობესება ვეღარ შეძლო. მომდევნო სამი პოზიცია კი „აუდის“ ეკიპაჟებმა დაიკავეს, რომელთაგან პირველი ნომრით მოასპარეზე ფრანგ ლოიკ დუვალს, თავისუფალი პრაქტიკებისას უმძიმესი ავარია შეემთხვა. ბედად, ის უვნებელი გადარჩა, თუმცა ძლიერი სტრესის გამო, ექიმებმა კვალიფიკაციაში ასპარეზობის უფლება აღარ მისცეს. მისი ადგილი ეკიპაჟში ფ1-ის ყოფილმა პილოტმა, ესპანელმა მარკ ჟენემ დაიკავა.
უნდა ითქვას, რომ კვალიფიკაციის მესამე სესიის ბოლო 15 წუთში დაძაბული ბრძოლა იყო მოსალოდნელი „პორშეს“ და „აუდის“ ეკიპაჟებს შორის. ორივემ ახალი საბურავების კომპლექტები მოამზადა, მაგრამ ბრძოლა აღარ შედგა. ამის მიზეზი კი მეორე კატეგორიის პროტოტიპით მოასპარეზე ინდოელი კარუნ ჩანდჰოკის (ესეც ფ1-ის ყოფილი პილოტია) ავარია გახდა. რბოლის კონტროლმა ავარიის ადგილი სესიის ბოლომდე „ყვითელ ზონად“ გამოაცხადა, ანუ იქ პილოტებს სიჩქარის შემცირება მოუწევდათ. არადა, „აუდის“ მეორე ნომრით მოასპარეზე ეკიპაჟის გერმანელმა ანდრე ლოტერერმა პირველ სექტორზე საუკეთესო დრო დააფიქსირა და რომ არა ყვითელი ზონა, დიდი ალბათობით, პოულზეც შეიძლება გვეხილა. საბოლოოდ კი ლოტერერმა საკუთარი ეკიპაჟის დროც კი ვერ გააუმჯობესა.

No comments:

Post a Comment