Sunday, February 2, 2014

„მაკლარენის“ უკანა საკიდარი მეტოქეთა ყურადღების ცენტრში

McLaren rear design catches the eye - and the attention - of rival teams
2 თებერვალი
„ფერარის“ ტექნიკური დირექტორი ჯეიმს ელისონი ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს მანქანების განხვავებულ ცხვირებს და თვლის, რომ ყველაზე მეტ ყურადღებას, „მაკლარენის“ უკანა ნაწილის ინოვაციური დიზაინი იმსახურებს. ამჟამდ ყველაზე მეტად, „რენოს“ აგრეგატის პრობლემებზე ლაპარაკობენ და „მაკლარენის“ სიახლე რატომღაც ჩრდილში მოექცა. თუმცა სპეციალისტებმა ის უკვე დააფიქსირეს და ასეთი სისტემის ავკარგიანობასაც განიხილავენ.
„მანქანებს შორის ბევრ მსგავსებას ვერ იპოვნით, რადგან ახალი წესები, ცხვირის ნაწილის სხვადასხვა ფორმით შესრულების საშუალებას იძლევა. ჩემი აზრით, ბევრი გადაწყვეტა კარგად იმუშავებს. გუნდმა, რომელშიც მე ვმუშაობდი (ლოტუსი), ძალიან აგრესიული მიდგომა გამოიყენა. ჩვენ ამ საკითხს სულ სხვაგვარად მივუდექით. ცხვირის ძალიან ბევრი ვარიანტი განვიხილეთ და ვფიქრობ, არჩეულის განვითარებასაც გავაგრძელებთ“, - ამბობს ელისონი, ვინც „ლოტუსში“ რვა სეზონი გაატარა.
რამდენადაც ელისონი თვლის, რომ მანქანის კონკურენტუნარიანობაზე ცხვირის კონსტრუქცია დიდ გავლენას არ იქონიებს, იმდენად თვლის, რომ ახალ მანქანებს შორის, ყველაზე საინტერესო ხილული სიახლით „მაკლარენი“ გამოირჩევა. ახლოდან ამ მანქანის უკანა საკიდარი არ მინახავს. მხოლოდ ფოტოები ვნახე, რომლებიც საკმაოდ ბუნდოვანია. მე მინდა, ამ კონსტრუქციაზე უფრო მეტი შევიტყო, რადგან ამან დამაინტერესა“, - დასძენს „ფერარის“ ტექნიკური დირექტორი.
ახალი რეგლამენტი გამონაბოლქვი აირის აეროდინამიკური დანიშნულებით გამოყენებას კრძალავს. ასევე აიკრძალა უკანა ჭავლური ფრთების გამოყენება. „მაკლარენი“ კი აშკარად ცდილობს, რეგლამენტის შეცვლით გამოწვეული, ჩაჭიდების დანაკარგი აანაზღაუროს და იმავდროულად, მაღალ სიჩქარეზე ჰაერის წინააღმდეგობა შეამციროს.
„უილიამსის“ სატესტო ინჟინერი როდ ნელსონიც დარწმუნებულია, რომ „მაკლარენის“ სიახლე საინტერესოა და მალე მსგავს კონსტრუქციებს სხვა გუნდების მანქანებზეც ვნახავთ. ყოველ შემთხვევაში, მიაჩნია, რომ „უილიამსის“ მანქანაზე მსგავსი საკიდარის დაყენება ადვილი იქნება.
„ეს სირთულეს არ წარმოადგენს. ჩემი აზრით, გაცილებით პრობლემური იქნება ცხვირის და მასზე დამაგრებული ფრთების შეცვლა, რადგან ამას ახალი ქრეშ ტესტები დასჭირდება“, - ამბობს ნელსონი და დასძენს, რომ „მაკლარენის“ საკიდარის უცნაური კონსტრუქციის დანიშნულება, მექანიკურთან ერთად, აეროდინამიკურიცაა და მისი წყალობით, დიფუზორი გაცილებით ეფექტურად იმუშავებს. ნელსონის აზრით, საკიდარის ბერკეტები ჰაერს ისეთ მიმართულებას ანიჭებს, რომ ამით დიფუზორის მუშაობის ეფექტურობა იზრდება.

No comments:

Post a Comment