Friday, February 28, 2014

„ფორდი“ ევროპელებს ჟენევაში ღია „მუსტანგს“ უჩვენებს

Ford polishes Mustang convertible to rival Europe's best
28 თებერვალი
ამიერიდან, „ფორდ მუსტანგი“ გლობალური ავტომობილია. უფრო სწორედ, იქნბა, როცა ბაზარზე გამოვა. და ამიტომ, კონკურენცია მოუწევს „აუდის“, „მერსედესის“ და „ბეემვეს“ ემბლემიან თანკლასელებთან. ამიტომ, მისი ღია ვერსიაც ისეთი უნდა იყოს, როგორც ამ პრემიუმ კომპანიების კაბრიოლეტებს შეესაბამება.
მოკლედ, ცისფერმა ოვალმა თავისი პონის ღია ვერსიის რბილი სახურავი ახლიდან დააპროექტა, რის შემდეგაც, მის დაკეცვას 7-10 წამი სჭირდება. ეს კი ორჯერ ნაკლებია იმ დროზე, რაც წინა „მუსტანგის“ სახურავის დაკეცვისთვისაა საჭირო. ამასთან, სახურავის შრეებს შორის საიზოლაციო ფენა მოთავსდა, რომელიც გარე ხმაურს სალონში არ უშვებს.
როდესაც სახურავი დაკეცილია, ის 170 მილიმეტრით დაბალ ამონაშვერს ქმნის, ვიდრე ახლანდელ ღია „მუსტანგზეა“. ეს კი ღია ავტომობილს უფრო აეროდინამიურ ფორმას ანიჭებს. დაკიდევ, ახალი მექანიზმი საბარგულს ნაკლებ ადგილს ართმევს. ამგვარად, ახალი „მუსტანგის“ საბარგულის მოცულობა, ძველისაზე 19 პროცენტით მეტია.
„მუსტანგის“ მარკეტინგის მენეჯერი სტივ ლინგი ამბობს, რომ ამ მოდელის გაყიდვების დაახლოებით 18 პროცენტი კაბრიოლეტებზე მოდის. და ახლა, როცა „მუსტანგი“ გლობალური ავტომობილი ხდება, მისი ღია ვერსია კომპანიისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება.
სახურავი ახალი ღია „მუსტანგის“ ერთადრთი ღირსება არაა. ეს ავტომობილი, თავისი დახვეწილი აეროდინამიკითაც გამოირჩევა. ამის საილუსტრაციოდ, კომპანიამ თავის აეროდინამიკურ მილში ექსკურსიაზე ჟურნალისტები მიიწვია, რომლებსაც ზოგადად აუხსნა ის პროცესი, რაც ავტომობილმა შემუშავების და სრულყოფის დროს გაიარა.
კომპანიის აეროდინამიკის ინჟინერიის მენეჯერი კარლ ვიდმანი ამბობს, რომ ახალმა „მუსტანგმა“ მილში სიმულაციებისთვის ორჯერ მეტი დრო გაატარა, ვიდრე მისმა წინამორბედმა. ოღონდ, ჟურნალისტებს მილში მუშაობის სადემონსტრაციოდ, მყარსახურავიანი ავტომობილი წარუდგინეს. ორჯერ მეტი დრო კი აეროდინამიკის ტესტებს მხოლოდ იმისათვის დასჭირდა, რომ „მუსტანგი“ გლობალური მოდელი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ამიერიდან გერმანულ ავტობანებზეც მოუწევს გადაადგილება, სადაც სიჩქარე ხშირად შეუზღუდავიც კია. ამიტომ, ავტომობილს მაღალ სიჩქარეზე მეტი ჩაჭიდება ესაჭიროება, რასაც უფრო დახვეწილი აეროდინამიკა იძლევა.
მილში მუშაობის პროცესში გადაწყდა, რომ ავტომობილის წინა ბორბლები აერო-ჟალუზებით აღჭურვილიყო - მბრუნავი ბორბალი წინააღმდეგობას ქმნის. მის შესამცირებლად, ინჟინრებმა ახალი „მუსტანგის“ წინა ნაწილში ჭრილები გააკეთეს, რომელთა მეშვეობითაც, ჰაერის შემხვედრი ნაკადის ნაწილი, ბორბლის ღია არეებში გაივლის, რაც საერთო ჯამში, წინააღმდეგობას შეამცირებს.
გარდა ამისა, ახალი „მუსტანგის“ ის ვერსია, რომლის კაპოტის ქვეშაც, სერია ეკობუსტის 2.3-ლიტრიანი ძრავი განლაგდება, რადაიტორის ცხაურის ჟალუზებითაც აღიჭურვება. ეს ჟალუზები მაშინ ჩაიკეტება, როცა ავტომობილი მაღალი სიჩქარით იმოძრავებს. ამ დროს, ჰაერისადმი წინაღმდეგობა შემცირდება. დაბალ სიჩქარეზე კი ჟალუზები გაიხსნება და ჰაერიც რადიატორში გაივლის.
სხვათა შორის, დახვეწილი აეროდინამიკა ერთადერთი ტექნიკური სიახლე არაა, რაც ახალ „მუსტანგს“ ახასიათებს. სხვა სიახლეების გასაცნობად, ცისფერი ოვალი ჟურნალისტებს ბრიფინგებს კიდვ მოუწყობს. და ეს ყველაფერი მანამ მოხდება, სანამ ავტომობილი ბაზარზე გამოვა. ამგვარად, ავტომობილი მუდმივ აქტუალობას შეინარჩუნებს.

No comments:

Post a Comment