Monday, January 6, 2014

მზის ენერგია „ფორდ C-მაქსის“ სამსახურში

Ford C-MAX Solar Energi Concept Goes Off the Grid
6 იანვარი
„ფორდი“ შეიძლება პირველი საავტომობილო კომპანია გახდეს, რომელიც მზის ენერგიას ავტომობილის სამსახურში ჩააყენებს. წლების განმავლობაში, ეს შეუძლებლად იყო მიჩნეული, მაგრამ ცისფერმა ოვალმა მზის ელემენტები, ელექტრომობილის სვლის სიშორის გასაზრდელად გამოიყენა და შესანიშნავ შედეგსაც მიაღწია. ყოველ შემთხვევაში, კომპანიის მიერ ასეთ ელემენტებით აღჭურვილი ავტომობილის გამოცდებისას, იმედისმომცემი შედეგები მიიღო.
ლას ვეგასის საყოფაცხოვრებო ელექტრონკის შოუზე, რომელიც ხვალ გაიხსნება, „ფორდ“ მზის ელემენტებით აღჭურვილ პლაგ-ინ ჰიბრიდულ „C-მაქსს“ წარადგენს, რომლის სახურავზეც, კომპანია „სანპაუერის“ წარმოების მზის ელემენტებია დამონტაჟებული. ამასთან, კონსტრუქციაში გამოყენებულა მინიატურული პრიზმების სისტემა, რომელიც ერთგვარი გამადიდებლის ფუნქციას ასრულებს და მუდმივად იმ მხარესაა მიბრუნებული, საითაც მზე ყველაზე ინტენსიურად ასხივებს.
„ფორდი“ აცხადებს, რომ ერთი დღის განმავლობაში C-მაქსს“ მზის ელემენტებით იმდენი ენერგიის შეგროვება შეუძლია, რამდენიც დაახლოებით 1 000 კილომეტრს გაატარებს. აქედან მხოლოდ 35 კილომეტრი მოდის ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკში შენახული 7.6 კილოვატსაათ ენერგიაზე.
პლაგ-ინ ჰიბრიდულ „ფორდ C-მაქს ენერჯის“, რომელსაც სვლის სიშორის გასაზრდელად შიდაწვის ძრავი ემსახურება, კომბინირებულ რეჟიმში მუშაობისას, 100 კილომეტრის გასავლელად 2.35 ლიტრი საწვავი ჰყოფნის. ის ცისფერი ოვალის პლაგ-ინ ჰიბრიდების და ელექტრომობილების გამაში ყველაზე პოპულარული ავტომობილია და მისი წყალობით, ამერიკის ბაზრის შესაბამის სეგმენტში, მისი წყალობით, „ფორდი“ პოპულარობით მხოლოდ „ტოიოტას“ ჩამორჩება. მზის ენერგიის ათვისებით კი, ავტომობილი დაახლოებით 4 ტონა გამონაბოლქვით შეამცირებს ატმოსფეროს დაბინძურებას.
კომპანია „სანპაუერი“ „ფორდის“ პარტნიორი 2011 წელს გახდა. მზის ელემენტების ეფექტურობის გასაზრდელად, „ფორდმა“ ჯორჯიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტს მიმართა, რომლის სპეციალისტებმაც, ფრესნელის ლინზების სისტემა გამოიყენეს, რომლებიც ელემენტზე მზის სხივის კონცენტრაციას დაახლოებით რვაჯერ ზრდის. ფრესნელის ლინზა დაახლოებით გამადიდებელი შუშის პრინციპით მუშაობს. შედეგად, მზისგან ავტომობილი დაახლოებით იმდენივე ენერგიას ღებულობს, რამდენსაც ელემენტების ბლოკის ოთხსაათიანი დამუხტვის შემთხვევაში მიიღებდა.
კონცეპტუალური „C-მაქს სოლარ ენერჯის“ ლას ვეგასში წარდგენის შემდეგ, „ფორდი“ და ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი ამ ავტომობილის ტესტირებას შეუდგებიან. სწორედ ტესტებისას გამოჩნდება, რამდენად შესაძლებელია ამ ავტომობილზე გამოყენებული ტექნოლოგიის მასობრივ წარმოებაში დანერგვა.

No comments:

Post a Comment