Thursday, December 12, 2013

ფორმულა 1-ში ისევ 12 გუნდი იქნება

Formula One seeking twelfth team for 2015
12 დეკემბერი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) ფორმულა ერთში მე-12 გუნდის შერჩევის პროცესი დაიწყო. ეს ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც „ისპანია რეისინგმა“ ფინანსური პრობლემების გამო, ჩემპიონატი დატოვა. FIA-მ ისეთივე შერჩევის პროცესი წამოიწყო, რომლითაც სამი წლის წინ, დიდი პრიზების ცირკში სამი გუნდი (ისპანია, კატერჰემი - მაშინდელი ლოტუსი და მარუსია - მაშინდელი ვირჯინი) შემოუშვა.
გასაკვირია, მაგრამ ტენდერის მსგავს პროცესში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 3 იანვარს მთავრდება. ეს ძალიან მცირე დროა იმისათვის, რომ თუნდაც ჩამოყალიბებული სტრუქტურის მქონე გუნდმა სრულფასოვანი აპლიკაცია მოამზადოს. სააპლიკაციო გადასახადი 130 000 დოლარია.
კანდიდატურების განხილვისას, FIA ოთხ მთავარ ფაქტორს გაითვალისწინებს: 1. გუნდის ტექნიკური შესაძლებლობები და რესურსები; 2. გუნდის უნარი, ჩემპიონატში მონაწილეობისათვის საჭირო სახსრები მოიზიდოს და ეფექტურად მართოს, რაც კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაში დაეხმარება; 3. გუნდის გამოცდილება და ადამიანური რესურსები; 4. FIA შეაფასებს იმ ღირებულებას, რასაც ჩემპიონატი კანდიდატის მიღების შემთხვევაში მიიღებს.
ცნობისათვის, ფ1-ში მაქსიმუმ 13 გუნდის მონაწილეობაა შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, FIA-ს ორი გუნდის მიღება შეუძლია. თუმცა, ფედერაცია არ აკონკრეტებს, სულ რამდენი გუნდის დამატება იგეგმება.

No comments:

Post a Comment