Tuesday, October 1, 2013

„კატერჰემის“ და „ალპინის“ სპორტული ავტომობილი 2016 წელს გამოვა

Caterham Alpine Sportscar to Arrive in 2016
1 ოქტომბერი
კატერჰემ C120
ორი კომპანიის - „კატერჰემის“ და „ალპინის“ (რენოს სპორტული შტო) მიერ ერთობლივად შემუშავებული სპორტული ავტომობილის პრემიერა 2016 წელს გაიმართება. ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქარის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორმა კომპანიამ უკვე დაამტკიცა ახალი ავტომობილის დიზაინი და პროექტის პრაქტიკულ განხორციელებას შეუდგა.
ახალი სპორტული ავტომობილი ორკარიანი, ორადგილიანი იქნება. მას ორივე კომპანია, რომლებიც ფორმულა ერთშიც ერთმანეთის პარტნიორები არიან, თავისი ბრენდთ გამოუშვებს. ბრიტანული „კატერჰემის“ ავტომობილს, ამ ეტაპზე C120-ად მოიხსენიებენ. ის აღიჭურვება ძრავით, რომლის სიმძლავრეც 250 ცხენის ძალა იქნება. თუმცა, შემდგომში ამ ძრავის ფორსირება მოხდება და სიმძლავრე 300 ცხენის ძალას მიაღწევს. ავტომობილის წონა 1 100 კილოგრამის ფარგლებში მოექცევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილის სიმძლავრისა და წონის ფარდობა, ყოველ ტონაზე 270 ცხენის ძალას მიაღწევს.
ალპინ A 110-50
„რენოს“ დიზაინის შეფი ლორენს ფან დენ აკერი ამბობს, რომ ორივე კომპანიის ავტომობილი გარეგნულად განსხვავებული იქნება. ორივე კომპანია თავის სპორტქარის გარეგნობაში ჩააქსოვს ყველაფერ საუკეთესოს, რაც მათ გააჩნიათ. განსხვავებული იქნება როგორც ძრავები, ასევე საკიდარი და საჭის მექანიზმები.
„კატერჰემი“ იმედოვნებს, რომ წლიურად 3 000 ცალი C120-ის გაყიდვას შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის გაყიდვები 500 პროცენტით გაიზრდება. რა რაოდენობით გამოუშვებს „ალპინა“ თავის წილ „სპორტსმენს“, ჯერჯერობით უცნობია. ორივე კომპანიისთვის ავტომობილებს „რენოს“ დიეპის ქარხანა გამოუშვებს, რომლის ნახევარიც, კომპანიებს შორის პარტნიორობის დაწყების შემდეგ, „კატერჰემს“ ეკუთვნის.

No comments:

Post a Comment