Wednesday, October 2, 2013

„კიონიგსეგ ვან:1“ – 1 400 ცხენი და 450 კმ/სთ

1,400HP Koenigsegg One:1 will Weigh 1,400Kg and Reach 450 Km/h!
2 ოქტომბერი
სუპერ ავტომობილების მწარმოებელი შვედური კომპანია „კიონიგსეგი“, თავისი ყველაზე ექსტრემალური მოდელის - „აგერა S-ის“ ბაზაზე, კიდევ უფრო ექსტრემალურ ავტომობილს, „კიონიგსეგ ვან:1-ს“ გამოუშვებს. ასეთი უცნაური სახელის მქონე, ძალიან მძლავრი და სწრაფი ავტომობილი, მხოლოდ ექვსი ცალი დამზადდება.
რაც შეეხება სახელს, მასში ავტომობილის ერთი, პრაქტიკულად უპრეცედენტო თვისებაა ასახული. სახელი „ვან:1“ იმას ნიშნავს, რომ ავტომობილს წონისა და სიმძლავრის აბსოლუტურად ერთნაირი (ერთი ერთზე) მაჩვენებელი აქვს. ბლუმბერგთან ინტერვიუსას, კომპანიის დამაარსებელმა კრისტიან ფონ კიონიგსეგმა განაცხადა, რომ ავტომობილის წონა 1 400 კილოგრამი იქნება, სიმძლავრე კი - 1 400 ცხენის ძალა. ცნბისათვის, „აგერას“ სიმძლავრე „მხოლოდ“ 965 ცხენის ძალაა.
ფონ კიონიგსეგი ამბობს, რომ მსგავსი შეფარდებისთვის სხვა კომპანიებსაც მიუღწევიათ, მაგრამ ისინი ავტომობილის მხოლოდ მშრალი წონის მაჩვენებლებს იძლევიან ხოლმე. „ვან:1-ის“ წონაში კი საზეთი მასალების, საწვავის და მძღოლის წონაც კი გათვალისწინებულია.
ბუნებრივია, ასეთი მახასიათებლები, ავტომობილს ტყვიის სისწრაფეს ანიჭებენ. ყოველ შემთხვევაში, კომპიუტერულ სიმულაციებზე ასეა. კომპიუტერი კი ირწმუნება, რომ „ვან:1-ის“ მაქსიმალური სიჩქარე 450 კმ/სთ-ს მიაღწევს. ან იქნებ მეტსაც. თუ კომპიუტერი არ ცდება, ეს იქნება არამხოლოდ მსოფლიოს უსწრაფესი ავტომობილი. ის ადგილიდან 200 კმ/სთ-მდე, ადგილიდან 300 კმ/სთ-მდე, ასევე 0-400 კმ/სთ-მდე ყველაზე სწრაფად აჩქარებასაც შეძლებს. ადგილიდან ოთხასს ის დაახლოებით 20 წამში აკრეფს. შედარებისთვის, იმავე აჩქარებაზე „ბუგატი ვეირონს“ 45 წამი სჭირდება.
„კიონიგსეგი“ იმედოვნებს, რომ თავისი სუპერ ავტომობილის პროტოტიპი მზად ამ წლის ბოლოს ექნება. სხვათა შორის, ექვსივე ეგზემპლარი, რომელთა გამოშვებაც იგეგმება, უკვე გაყიდულია. ფასს ფონ კიონიგსეგი არ აქვეყნებს, თუმცა ამბობს, რომ „ვან:1-ის“ „აგერა S-ზე“ გაცილებით ძვირი ღირს. და ამის მიუხედავად, ის ამ პროექტისგან ზარალს მოელის. სამაგიეროდ, ეს ავტომობილი კომპანიის იმიჯს გამოადგება და ეს ნაწილობრივ სარეკლამო პროექტიც იქნება.

No comments:

Post a Comment