Thursday, September 19, 2013

„ბეემვემ“ ლაიპციგში ელექტრომობილ i3-ის წარმოება დაიწყო

BMW Kickstarts its EV Adventure with Series Production of the i3 EV in Leipzig
19 სექტემბერი
„ბეემვემ“ თავის ლაიპციგის ქარხანაში, სუბკომპაქტურ ელექტრომობილ i3-ის წარმოება დაიწყო. ეს არის ბავარიული კომპანიის ისტორიაში, მის უახლეს ქვებრენდ i-ს პირველი ელექტრომობილი, რომლის წარმოებისთვის მომზადებაც, რიგ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. საქმე ისაა, რომ i3-ის წარმოებისას ისეთ მასალებს იყენებენ, რომლებიც ადრე მასობრივი წარმოებისთვის შეუძლებლად ითვლებოდა.
ლაპარაკია კარბონის ბოჭკოთი გაძლიერებულ პლასტიკზე (CFRP), იგივე კომპოზიციურ მასალაზე, რომელსაც ადრე მხოლოდ სუპერ ავტომობილებისა და სარბოლი ბოლიდების სტრუქტურაში იყენებდნენ და სპეციფიკური ტექნოლოგიის გამო, მხოლოდ ძალიან შეზღუდული წარმოებისთვის იყო მოსახერხებელი. მაგრამ „ბეემვემ“ შეძლო CFRP-ს ტექნოლოგიის იმდენად სრულყოფა, რომ i3-ის მზიდ და ძარის სტრუქტურას მთლიანად ამ მასალით ამზადებს. გერმანულმა კომპანიამ ამ მასალაზე არჩევანი იმ მარტივი მიზეზის გამო გააკეთა, რომ მისი წყალობით, მცირდება ავტომობილის წონა, რისი წყალობითაც, ელემენტების ბლოკის სიმძიმის ნაწილობრივ კომპენსირებაა შესაძლებელი.
არის სხვა ფაქტორებიც, რომელთა გამოც, CFRP-ს ტექნოლოგიის გამოყენება გადაწყდა. „ბეემვეს“ წარმოების შეფი ჰარალდ კრიუგერი ამბობს, რომ ამ ტექნოლოგიას 50 პროცენტით ნაკლები ენერგია და 70 პროცენტით ნაკლები წყალი სჭირდება. ამასთან, i-მოდელების წარმოებისას, კომპანია მხოლოდ ქარის გენერატორებისგან მიღებული ენერგიის გამოყენებას აპირებს. ამგვარად, შესაძლებელი გახდება ნახშირორჟანგისგან სრულიად თავისუფალი პროცესის ორგანიზება. ენერგიისა და წყლის გამოყენების შემცირება შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ შედუღებითი და ტრადიციული სამღებრო სამუშაოები საჭირო აღარაა.
i3-ის წარმოებისთვის მოსამზადებლად, ლაიპციგის ქარხნის გადაიარაღებას 400 მილიონი ევროს ინვესტიცია მოხმარდა. შტატი კი 800 თანამშრომლით გაიზარდა. საერთო ჯამში, „ბეემვე i-ს“ საწარმოო ქსელის მომზადებას 600 მილიონი ევრო დასჭირდა და სულ 1 500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. პირველი i3, რომელიც ლაიპციგის ქარხანაში გამოუშვეს, ბერლინის მარათონს ლიდერ ავტომობილად მოემსახურება.
ევროპელი მომხმარებლები i3-ს ნოემბრიდან მიიღებენ. მოგვიანბით კი ამ ავტომობილს ამერიკასა და ჩინეთშიც შეიტანენ. პირველი ბავარიული სერიუალი ელექტრომობილის სასტარტო ფასი გერმანიაში 34 950 ევროა.

No comments:

Post a Comment