Thursday, September 19, 2013

რაიკონენმა „ლოტუსი“ ფულის გამო დატოვა

Kimi Raikkonen: money prompted Lotus exit and Ferrari F1 switch
19 სექტემბერი
ჭორი მართალი აღმოჩნდა - „ლოტუსიდან“ კიმი რაიკონენის წამოსვლის მთავარი მიზეზი ფული ყოფილა. ფინელმა მრბოლმა „ლოტუსს“ შემდგომი სეზონისთვის ფინანსური გარანტიები მოსთხოვა. ეს კი იმ მარტივი მიზეზის გამო გააკეთა, რომ მიმდინარე სეზონში ბრიტანულ გუნდს მის მიმართ დავალიანება დაუგროვდა. ამის თაობაზე, კიმიმ მედიას სინგაპურში პირადად მოახსენა.
„ჩემი წამოსვლის მთავარი მიზეზი ფულია. კერძოდ ის, რომ კუთვნილ ანაზღაურებას არ ვღებულობდი. არ ვიცი, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, რომ მე „ლოტუსში“ დარჩენა გადამეწყვიტა. თუმცა, ახლა ამაზე ფიქრს აზრი არ აქვს. ვიცი მხოლოდ ის, რომ „ფერარიში“ დაბრუნებით ბედნიერი ვარ“, - განაცხადა რაიკონენმა. მაგრამ ბრიტანულმა ჟურნალმა „ავტოსპორტმა“ დაადგინა, რომ ფინელი მრბოლი საბაზისო ანაზღაურებას ღებულობდა, პრობლემა კი იმის გამო შეიქმნა, რომ მას კარგი შედეგების გამო, ბონუსებს ვერ უხდიდნენ.
მართალია, მეტოქე მრბოლები და მიმომხილველები თვლიან, რომ რაიკონენს და ფერნანდო ალონსოს ერთ გუნდში შეწყობა გაუჭირდებათ, თავად კიმი მათს სკეპტიციზმს არ ეთანხმება: „ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ ვერ უნდა შევეწყოთ ერთმანეთს. საკმაოდ გამოცდილები ვართ იმისათვის, რომ ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ. გუნდიც ძალიან მონდომებულია. 20 წლის ბიჭები რომ ვიყოთ, სხვა საქმეა. იქნებ ვცდები კიდეც, თუმცა ახლა ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, ყველაფერს დრო გვიჩვენებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. რა თქმა უნდა, ტრასაზე დაძაბული ბრძოლები გვექნება და შეიძლება გაუგებრობაც მოხდეს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება“.
კიმი ასევე ფიქრობს, რომ „ფერარისთან“ შეგუება არ უნდა გაუჭირდეს, რადგან გუნდს კარგად იცნობს: „აქ ბევრს ვიცნობ. რა თქმა უნდა, ახალი თანამშრომლებიც საკმარისად არიან, ზოგმა გუნდი დატოვა, მაგრამ არ მგონია, თავიდან შეგუება გამიჭირდეს. რა თქმა უნდა, მანქანა განსხვავებული იქნება, მაგრამ მომავალი სეზონიდან ყველგან განსხვავებულ მანქანებს გააკეთებენ. ვინც უკეთესს გააკეთებს, მეტსაც მოიგებს“.

No comments:

Post a Comment