Thursday, September 12, 2013

„C4 კაქტუსი“ - „სიტროენის“ კომპაქტური კონცეპტუალური ქროსოვერი

Citroen to Join Foray of Compact Crossovers with C4 Cactus
12 სექტემბერი
კომპაქტური ქროსოვერების მზარდ სეგმენტს მალე კიდევ ერთი წევრი შეემატება, ამჯერად „სიტროენისგან“. ფრანგულმა კომპანიამ ამის პირველი ნიშანი ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარმოგვიდგინა კონცეპტუალური „C4 კაქტუსის“ სახით. ამასთან, ამავე ავტომობილით, ორმაგი შევრონი თავისი C-ხაზის ავტომობილების მომავალ სტილსაც გვიჩვენებს.
„სიტროენმა“ ფრანკფურტშივე გამოაცხადა, რომ მომავალი წლის ჟენვის მოტორ შოუზე, „C4 კაქტუსის“ სერიულ ვერსიას წარადგენს, რომელიც რა თქმა უნდა, დიზაინის ძირითად ელემენტებს ამ კონცეპტუალური ავტომობილისგან მიიღებს, თუმცა მაინც ასეთი რადიკალური ფორმები არ ექნება. და ისეთი ელემენტები გაჰყვება, როგორებიცაა კონცეპტუალური ავტომობილის კარებზე მოთავსებული აირბალიშოვანი კაპსულები, რომლებმაც ძარა მცირე კონტაქტებისას უნდა დაიცვან. არც სალონი იქნება ასეთი ზედმეტად სადა და სპარტანული.
კონცეპტუალური „C4 კაქტუსი“ ბაზირებულია „PSA პეჟო-სიტროენის“ EMP2 პლატფორმაზე, რომელიც უკვე გამოიყენეს „C4 პიკასოზე“. ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4 210 მილიმეტრი, სიგანე 1 750 მილიმეტრი, სიმაღლე 1 530 მილიმეტრი. მანქანის ძირის დაშორება გზის საფარიდან 210 მილიმეტრია. ავტომობილის შემუშავებისას, ინჟინრებმა განსაკუთრებული ყურადღება მის სიმსუბუქეს და აეროდინამიკას დაუთმეს.
დიზაინში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, განათების სისტემებია, რომლებშიც შუქდიოდური ელემენტებია გამოყენებული. მართალია, ამ ეტაპზე ასეთი ელემენტები პრემიუმ კლასის ავტომობილებისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ ფრანგული კომპანია გვპირდება, რომ „C4 კაქტუსის“ წინა ნაწილი მინიმალური ცვლილებით გადაინაცვლებს C-ხაზის სერიულ ავტომობილებზე.
სალონში სისადავე მთავარი თემაა. სავარძლები ერთმანეთისგან გამოყოფილი არაა, რაც ერთგვარად რეტროს შთაბეჭდილებას ტოვებს. მარტივადაა შესრულებული მაჩვენებლების დაფა, რომელიც ერთადრთი, 7-დუიმიანი სენსორული ეკრანითაა წარმოდგენილი და ცენტრალური კონსოლი, რომელიც ფაქტობრივად მცირე სეგმენტის სახითაა წარმოდგენილი. ამის საშუალება კი „სიტროენის“ სპეციალისტებს 8-დუიმიანმა სენსორულმა ეკრანმა მისცა, რომელიც მართვის ფუნქციებსაც ითავსებს. გადაცემების შესაცვლელი ბერკეტის მოვალეობას კი საჭის რგოლის უკან მოთავსებული ნიჩბები და მრავალფუნქციური ღილაკი ასრულებს, რომელიც ცენტრალური კონსოლის ქვედა ნაწილშია მოთავსებული.

რაც შეეხება ძრავს, ავტომობილი მოძრაობაში ჰიბრიდულ სისტემა „ჰაიბრიდ ეარს“ მოჰყავს, რომელშიც ელექტრო ძრავის ნაცვლად, ჰაერის ტუმბოა გაერთიანებული. ტუმბო პლანეტარული გადაცემით ტრანსმისიასთანაა დაკავშირებული. ტუმბოს გარდა, ჰიბრიდულ სისტემაში ბენზინის ძრავი, ჰიდრავლიკური ძრავი და ორი ბალონი შედის. ამ უკანასკნელში, აირტუმბოს მიერ შეკუმშული ჰაერი გროვდება. სხვათა შორის, შეკუმშული ჰაერის დახმარებით, ავტომობილს 70 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა შეუძლია. „სიტროენი“ მსგავსი ჰიბრიდული დანადგარების სერიულ ავტომობილებზე გამოყენებას აპირებს.

No comments:

Post a Comment