Monday, August 12, 2013

როს ბრაუნმა „ფერარიში“ გადასვლა უარყო

Brawn denies talks over Ferrari return
12 აგვისტო
როს ბრაუნი (მარცხნივ) და პადი ლოუ
სანამ ფორმულა ერთი არდადეგებზეა, კულუარებში რას აღარ გაიგებთ. მაგალითად, ახლახანს გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმადაც, „მერსედსში“ „მაკლარენიდან“ პადი ლოუს გადასვლის შემდეგ, იქიდან წამოსვლას როს ბრაუნი აპირებს, ვინც გუნდში ჯერ კიდევ იმ დროიდანაა, როცა ის „ჰონდას“ სახელით ასპარეზობდა. უფრო მეტიც, ლაპარაკია იმაზე, რომ ბრაუნი „ფერარიში“ ბრუნდება, სადაც თვით სტეფანო დომენიკალის შეცვლის... მაგრამ ბრაუნმა თავად უარყო ეს ხმები!
როგორც ცნობილია, „ფერარიდან“ მიხაელ შუმახერის წასვლის შემდეგ, იტალიურ გუნდთან მანაც აღარ გააგრძელა კონტრაქტი და ერთი სეზონით შვებულება აიღო. 2007 წელს კი სათავეში „ჰონდას“ ჩაუდგა, რომლის წასვლის შემდეგაც, გუნდს თავისი გვარი უწოდა. მისი სახელით, ჯენსონ ბატონმა 2009 წელს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. იმავე სეზონის ბოლოს კი მან და ნიკ ფრაიმ, რომელიც „ბრაუნის“ თანამფლობელი იყო, ის „მერსედესს“ მიჰყიდეს.
ამ სეზონის დაწყებამდე, ფრაიმ „მერსედესის“ მთავარი აღმასრულებლის პოსტი დატოვა, რომელიც „უილიამსიდან“ გადმოსულმა ტოტო ვოლფმა დაიკავა. „მაკლარენიდან“ კი ლოუ მოიყვანეს, რომელმაც ზემოთ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრაუნი უნდა შეცვალოს. ეს უკანასკნელი კი ვითომ „ფერარის“ დაუბრუნდებოდა, რომელშიც დომენიკალის მუშაობით არიან უკმაყოფილონი.
„ჯერ ერთი, „ფერარიში“ შესაძლო დაბრუნების საკითხზე არავისთან მისაუბრია. მარანელოში დაუვიწყარი მომენტები მქონდა და იტალიაც ძალიან მიყვარს. შვებულების გატარებას სწორედ იქ, ფორტე დეი მარმიში ვაპირებ. მაგრამ „მერსედესში“ ყოფნით სრულებით კმაყოფილი ვარ. თანაც საქმეს კარგად ვაკეთებთ. ლოუს მოსვლით ჩვენთან არაფერი იცვლება, რადგან გუნდში მე სულ სხვა პოზიცია მიკავია“, - იტალიურ გაზეთ „გაძეტა დელო სპორტთან“ საუბრისას განაცხადა ბრაუნმა.
მას შემდეგ კი, რაც ლუკა დი მონტეძემოლომ ფერნანდო ალონსო საჯაროდ გააკრიტიკა, ფელიპე მასა გააფრთხილა და ხელი არც დომენიკალის დააკლო, ბრაუნმა გუნდს ურჩია, რომ მჯობესი იქნება, თუ ერთად დადგებიან და ეთად დააღწევენ თავს კრიზისს.
„ფ1-ში ზეწოლას მიჩვეულები ვართ. განსაკუთრებით ისინი, ვინც ტოპ გუნდებში ვმუშაობთ. ჩვენ ყველას გვინდა მოგება. მეც ისეთივე ზეწოლას განვიცდი, როგორსაც დომენიკალი. წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო კი სტაბილურობაა. ჩვენ, „მერსედესი“ ისევ კონკურენტუნარიანები ვართ იმის წყალობით, რომ ვაკეთებთ საქმეს, რომელიც 18 თვის წინ დავიწყეთ“, - დასძენს ბრაუნი.
ბრიტანელი ინჟინერი თვლის, რომ ახლა მისი გუნდის მთავარი ამოცანა, მომავალი სეზონისთვის კარგად მომზადებაა, როცა ყველას ახალი რეგლამენტის შესაბამისად მოუწევს მანქანის შემუშავება. თუმცა იმავდროულად თვლის, რომ თუ ტიტულის რაიმე შანსი იქნება, მისთვის ბრძოლაზე უარს ვერ იტყვიან. და მაინც, ეს ძალიან ძნელი იქნება, რადგან ლიდერ სებასტიან ფეტელს სოლიდური უპირატესობა აქვს და რაც ასევე მნიშვნელოვანია, გერმანელი შესაშური სტაბილურობითაც გამოირჩევა.
დაბოლოს, ბრაუნი უარყოფს გავრცელებულ ვარაუდს იმის შესახებ, რომ „მერსედესმა“ კონკურენტუნარიანობას საბურავების „ტესტგეიტის“ წყალობით მიაღწია. მისი არგუმენტი ისაა, რომ უნგრეთში ლუის ჰამილტონმა გამარჯვება სრულიად ახალი საბურავებით მოიპოვა, რომლის ტესტირების საშუალებაც მის გუნდს ჩამოართვეს.

No comments:

Post a Comment