Monday, July 22, 2013

„ბეემვემ“ i3-ის ფასები გამოაცხადა

New BMW i3 Priced from $41,350 in the US, £25,680 in the UK and €34,950 in Germany
22 ივლისი
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, „ბეემვემ“ თავის პირველ სერიულ ელექტრომობილის, სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ  i3-ის შესახებ ინფორმაცია ულუფებად გაგვაცნო, მსოფლიო პრემიერამდე ერთი კვირით ადრე კი მისი ფასები გამოაცხადა. პრემიერის ცერემონია ერთდროულად სამ ქალაქში - ლონდონში, ნიუ იორკსა და პეკინში, 29 ივლისს გაიმართება.
ამერიკის ბაზარზე, საქალაქო ელექტრომობილის საბაზო ფასი 41 350 დოლარია (€31 323 / £26 910 ექვივალენტური), რასაც ემატება 925 დოლარი ადგილზე მიტანისთვის და აკლდება შესაბამისი შტატის და ფედერალური საგადასახადო შეღავათები. იქ გაყიდვები მომავალი წლის მეორე კვარტალში დაიწყება.
ბრიტანეთში საბაზო ფასია 30 680 გირვანქა სტერლინგი ($47 142 / €35 711 ექვივალენტური), მაგრამ ამას აკლდება 5 000 გირვანქა სტერლინგის სამთავრობო შეღავათი, რის შემდეგაც, ფასი 25 680 გირვანქა სტერლინგამდე ჩამოვა. ბრიტანელებს ელექტრომობილის შეძენის საშუალება ნოემბრიდან ექნებათ. გარდა ამისა, ბავარიული კომპანია ალბიონზე მყიდველს ლიზინგსაც შესთავაზებს. მისი პერიოდი 36 თვე იქნება, საწყისი შესატანი £2 995, ყოველთვიური შესატანი £369 (დღგ-ის ჩათვლით), გარანტია კი 39 000 კილომეტრი. რაც შეეხება „ბეემვეს“ საშინაო ბაზარს, i3-ის სასტარტო ფასი 34 950 (£30 026 / US$44 216) ევროა.
სუფთა ელექტრომობილი აღჭურვილია ელექტრო ძრავით, რომელიც 170 ცხენის ძალას და 250 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავს ენერგიით 22 კილოვატსაათი ტევადობის ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა 130-160 კილომეტრის გავლა შესძლოს. მყიდველის სურვილსი შემთხვევაში, შესაძლებელია ავტომობილის სვლის სიშორის გაზრდა, რისთვისაც მასზე ბენზინის ორცილინდრიან, 0.65-ლიტრიან ძრავს დააყენებენ, რომელიც გენერატორთანაა დაკავშირებული. ამ უკანასკნელის მიერ გამომუშავებული ელექტრო ენერგია კი ელემენტებში გროვდება. ამ შემთხვევაში, ავტომობილს ერთი სრული გაწყობით, 300 კილომეტრამდე გავლა შეუძლია. ჯერჯერობით დადგენილი არაა, თუ რა ეღირება სვლის სიშორის გასაზრდელი ტანდემის დაყენება.

No comments:

Post a Comment