Thursday, July 18, 2013

ბალახის საკრეჭი სუპერ ავტომობილის ტემპერამენტით (ვიდეო)

Honda's 130MPH Mean Lawnmower Will Blow Your Socks Off
18 ივლისი
ბალახის საკრეჭი მინი ტრაქტორების დანიშნულება, რუტინული სამუშაოს შესრულება და გაზონის გალამაზებაა. ალბათ თავში არავის მოუვა იდეა, რომ ასეთი მშვიდი მანქანით ნავარდი დაიწყოს. თუმცა, ზოგჯერ გიჟური იდეები ასეთ უწყინარ მანქანებსაც ეხება. და ის „ჰონდას“ მარკეტოლოგებს მოუვიდათ.
სანამ ამ გიჟურ ტრაქტორზე და მის შესაძლებლობებზე მოგიყვებით, 1960-იანი წლების, უფრო წარმოუდგენელ (და სულაც არა გიჟურს) ისტორიასაც გავიხსენებთ, როცა პატარა ინგლისური კომპანია „ქოვენთრი კლაიმექსის“ მიერ სახანძრო წყლის ტუმბოებისთვის შექმნილი შიდაწვის ძრავმა, ფორმულა ერთის მანქანებზე ამოჰყო თავი და საყოველთაო აღიარებაც დაიმსახურა!
მოკლედ, „ჰონდაში“ რატომღაც მოისურვეს, რომ მათმა სერიულმა ბალახის საკრეჭს, სახელად HF2620, თვით „პორშე 911-სთვისაც“ კი გაეწია კონკურენცია. სურვილი აუსრულებელი არ დარჩენილა - ბალახის საკრეჭი საქმეში რეალურად გამოსცადეს. მან კი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 4.0 წამში აკრიფა და მაქსიმუმ 209 კმ/სთ განავითარა. ოღონდ, „პორშესგან“ განსხვავებით, ტრაქტორის ხმაურის დონე 130 დეციბელს აღწევს.
ოღონდ, ის ჯერ არ გვითქვამს, რომ ტრაქტორი გარეგნულად შეიძლება სტანდარტულად გამოიყურება, მაგრამ შიგნიდან მოდიფიცირებულია. ამაში „ჰონდას“ ბრიტანულ შტოს, სერია BTCC-ს (ბრიტანეთის ტურინგის კლასის ჩემპიონატი) მონაწილე საჯინიბო „ტიმ დაინემიქსი“ დაეხმარა.
უცნაური პროექტის შესაბამისად, „ტიმ დაინემიქსის“ სპეციალისტებმა HF2620 სრულიად ახალ შასიზე გადააწყვეს. სტანდარტული ძრავის ნაცვლად კი მოტოციკლ „ჰონდა VTR ფაირშტორმის“ 1.0-ლიტრიანი ძრავი დააყენეს. შეიცვალა საკიდარი და ბორბლები. მოკრეჭილი ბალახის შესაგროვებელი „ჩანთის“ ადგილზე კი საწვავის ავზი, ზეთის გამაგრილებელი და წყლის მეორადი გაგრილების რადიატორი დააყენეს.
გარდა ამისა, ძრავს 6-საფეხურიანი ტრანსმისია დაუკავშირდა, რომლის საფეხურებიც საჭის რგოლზე მოთავსებული ბერკეტებით ხდება (ფ1-ის სტილში), პილოტი „კობრა სპორტის“ სავარძელზე თავსდება, გამოსაბოლქვი სისტემა „სკორპიონისაა“, საჭის სისტემა კი - „მორის მინორის“.
გასპორტულებული ტრაქტორი თავის პირველად დანიშნულებასაც ასრულებს. ამისთვის ის ორი ელექტრო ძრავით აღიჭურვა, რომლებიც 3 მილიმეტრი დიამეტრის სისქის კაბელს 4000 ბრ/წთ სიხშირით ატრიალებენ. ოღონდ, ბალახის კრეჭა ტრაქტორს მაშინ შეუძლია, თუ მისი სიჩქარე 24 კმ/სთ-ზე მეტი არაა. თუმცა, ესეც ორიგინალური HF2620-ს მაქსიმალურ სიჩქარეზე თითქმის ორჯერ მეტია.

ვიდეო

No comments:

Post a Comment