Thursday, July 4, 2013

„ჯიპი“ „ფორდ ფიესტას“ ზომის ავტომობილს გამოუშვებს

Fiesta-sized Jeep coming in 2014
4 ივლისი
მართალია, ადრე „ჯიპმა“ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უგზოობის პატარა ავტომობილის გამოშვებას აპირებს, მაგრამ როგორც ჩანს, „ფიატთან“ ალიანსში შესვლის შემდეგ, გეგმები შეიცვალა. გამოცემა „ედმუნდსი“ იტყობინება, რომ ამერიკული კომპანია მერმისს სრულიად ახალ ქროსოვერს გამოუშვებს, რომელსაც „ფორდ ფიესტას“ გაბარიტები ექნება. ახალი ავტომობილი, რომელსაც ჯერ სახელი არ აქვს, „ჯიპის“ გამაში ერთდროულად ორ ავტომობილს - „კომპასს“ და „პეტრიოტს“ შეცვლის.
ამ ინფორმაციის წყარო თვით „ჯიპის“ მთავარი აღმასრულებელი მაიკ მენლია, რომელმაც „ედმუნდსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ პატარა „ჯიპს“ იტალიაში გამოუშვებენ და ის ამერიკული კომპანიის გლობალური ავტომობილი იქნება. მენლის ამ ავტომობილის შესახებ ბევრი არაფერი უთქვამს, თუმცა გაამხილა, რომ მისი სიგრძე 4.2 მეტრი იქნება. შედარებისთვის, ახალი „ჩეროკი“ (ფოტოზე), რომელიც ბაზარზე ახალი გამოსულია, სიგრძეში 4.6 მეტრია.
საერთოდ, სუბკომპაქტური ქროსოვერების სეგმენტი მზარდი პოპულარობით სარგებლობს. ეს ტენდენცია ამერიკის ბაზარზეც შეინიშნება, სადაც როგორც წესი, უფრო დიდგაბარიტიან ავტომობილებს აფასებენ. მაგრამ საწვავზე ფასების ზრდამ, ამერიკელებსაც შეაყვარა კომპაქტური ავტომობილები. ამის შედეგი ისაა, რომ „ჯენერალ მოტორსი“ იქ „ოპელ მოკას“ ანალოგ „ბიუიკ ენკლავის“ გაყიდვებს იწყებს, „ფორდი“ კი მალე „ფიესტას“ პლატფორმაზე აგებულ „ეკოსპორტს“ შეიტანს. რა თქმა უნდა, იგივე ტენდენცია მსოფლიოს მასშტაბითაც ვითარდება.
„საწვავის ეკონომიური მოხმარების გათვალისწინებით, ახალი ავტომობილი კონკურენტუნარიანი იქნება. და იმავდროულად, ის ყველგანმავლის თვისებებს, ფართო სალონს და მოცულობით საბარგულსაც შემოგთავაზებთ“, - ამბობს მენლი და ავტომობილის მსოფლიო პრემიერის ზუსტ თარიღსაც საიდუმლოდ ინახავს.

No comments:

Post a Comment