Tuesday, July 30, 2013

„სუზუკი“ „ფოლკსვაგენთან“ მოლაპარაკებას ცდილობს

Volkswagen, Suzuki Could Revive Partnership
30 ივლისი
ორი წელია, „სუზუკისა“ და „ფოლკსვაგენს“ შორის დავა მიმდინარეობს, რომელიც მათ შორის ადრე გაფორმებული პარტნიორობის პირობების დარღვევას მოჰყვა. სააგენტო ბლუმბერგმა მოიპოვა ინფორმაცია, რომელიც გვაუწყებს, რომ შესაძლოა, კომპანიებმა პარტნიორბის გაგრძელებაზეც კი მოილაპარაკონ. მაგრამ თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, საქმე ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს დაუბრუნდება.
„ორივე კომპანია მხოლოდ მოგებული დარჩება, თუ ისინი პარტნიორობაში ლიდერობის პრეტენზიებს და აქედან გამოწვეულ უთანხმოებებს დაძლევენ. „სუზუკი“ და „ფოლკსვაგენი“ კარგად მიესადაგებიან ერთმანეთს და თანამშრომლობით მხოლოდ მოგებული დარჩებიან“, - ამბობს შტუტგარტში ბაზირებულ მარკეტინგულ კომპანია LBBW-ს ანალიტიკოსი ფრანკ ბილერი.
ინფორმაციის წყაროს ცნობით, მოლაპარაკებაში ორი კომპანიის ხელმძღვანელები - „ფოლკსვაგენის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ფერდინანდ პიხი და „სუზუკის“ პრეზიდენტი ოსამუ სუზუკი მონაწილეობენ. და მათი საუბრის თემა, პარტნიორობის გაგრძელების ლოგიკურობასაც ეხება.
2009 წელს ორმა კომპანიამ აქციები გაცვალა. „ფოლკსვაგენი“ „სუზუკის“ უმსხვილესი აქციონერი გახდა - იაპონური კომპანიის აქციების 19.9 პროცენტი 1.7 მილიარდ ევროდ შეიძინა. იმავდროულად, „სუზუკიმ“ გერმანული კომპანიის აქციები (დაახლოებით 5 პროცენტი) იყიდა, რაშიც 770 მილიონი ევრო გადაიხადა. მაგრამ იმ გარიგების მთავარი მიზანი, აქციების გაცვლა კი არა, ერთობლივ პროექტებზე მუშაობა იყო. კერძოდ, მათ უნდა ეთანამშრომლათ კომპაქტურ და სუბკომპაქტურ ავტომობილებზე, რომლებსაც განვითარებადი ბაზრებისთვის შექმნიდნენ. მაგრამ შეთანხმება მალე დაირღვა. ამის არგუმენტად ორივე კომპანიას განსხვავებული მიზეზები ჰქონდა, თუმცა ორივე ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებდა (და ისევ ადანაშაულებს).
„სუზუკი“ თავისი აქციების იმავე ფასში დაბრუნებას მოითხოვს და სასურველი პასუხი რომ ვერ მიიღო, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში საჩივარი შეიტანა.

No comments:

Post a Comment