Monday, July 29, 2013

„მერსედესი“ პირველ 9-საფეხურიან ავტომატს „E350 ბლიუტეკზე“ დააყენებს

Mercedes Introduces its First 9-Speed Automatic Gearbox on the E350 BlueTEC
29 ივლისი
სულ რამდენიმე წლის წინ, საავტომობილო სამყაროში, უფრო სწორედ კი მის პრემიუმ სეგმენტში, აქტუალური თემა ეგრეთ წოდებული ცხენის ძალების ომი იყო. ამ ომის დროს პრესტიჟულად ითვლებოდა, თუ ამ სეგმენტში მომუშავე კომპანია, თავის ავტომობილს კონკურენტზე მძლავრი ძრავით აღჭურვავდა. მაგრამ დრო სწრაფად შეიცვალა და ცხენის ძალების ომი, საფეხურების ომმა შეცვალა - ტრანსმისიებში გადაცემის საფეხურების რიცხვი თანდათან მატულობს და უკვე ცხრას მიაღწია. და როგორც ირკვევა, არც ესაა ზღვარი.
კომპანია, რომელმაც პირველი ცხრასაფეხურიანი კოლოფი შექმნა, „მერსედეს-ბენცია". კოლოფი „9G-ტრონიკის“ სახელითაა ცნობილი და ის ჰიდრო ტრანსფორმატორითაა აღჭურვილი. ამ ტრანსმისიას პირველად მოდელ „E350 ბლიუტეკზე“ დააყენებენ. შემდეგ კი მას ოთხკარიანი კუპე CLS მიიღებს.
„E350 ბლიუტეკი“ აღჭურვილია ექვსცილინდრიანი 3.0-ლიტრიანი V6 დიზელით, რომელიც 248 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მას „9G-ტრონიკი“ შეკვეთის შემთხვევაში შეუწყვილდება. ამ ტანდემით აღჭურვილი E-კლასის სედანი 100 კილომეტრს სულ რაღაც 5.3 ლიტრი საწვავით გაივლის. ამასთან, ყოველ კილომეტრზე ატმოსფეროში მხოლოდ 138 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. ასეთი ეკონომიურობით და სუფთა გამონაბოლქვით ბევრი სუბკომპაქტური ავტომობილიც კი ვერ დაიკვეხნის.
„მერსედეს-ბენცი“ აცხადებს, რომ გადაცემათა გაზრდილი რიცხვის და გადაცემებს შორის ოპტიმალური დაშორების შენარჩუნებით, შესაძლებელია სვლის კომფორტის უზრუნველყოფა. ამასთან, ძრავის მიერ გამომუშავებული მომენტი მაქსიმალურადაა ათვისებული გზასთან ჩაჭიდებისთვის. მაგალითისთვის, „E350 ბლიუტეკით“ მე-9 გადაცემაზე, როცა ძრავის ბრუნთა რიცხვი წუთში მხოლოდ 1350-ია, 120 კმ/სთ სიჩქარის მიღწევაა შესაძლებელი. ყველაფერთან ერთად, ეს საწვავის ეკონომიურად მოხმარების საშუალებასაც იძლევა.
მეტი საფეხური ასევე უხმაუროდ მოძრაობის საშუალებას იძლევა. „9G-ტრონიკის“ წყალობით, გარე ხმაური 4 დეციბელით მცირდება. საფეხურების ზრდის მიუხედავად, ახალი კოლოფი 7-საფეხურიან „7G-ტრონკზე“ მსუბუქია. სხვათა შორის, გაცილებით მეტი მაბრუნი მომენტის (1000 ნმ-მდე) გატარებაც შეუძლია. დაკიდევ, აჩქარების და შენელებისას, „9G-ტრონიკს“ რამდენიმე საფეხურის გამოტოვებაც შეუძლია.
ტრანსმისია მიესადაგება როგორც უკანა, ასევე სრულ ამძრავიან მოდელებს, ასევე ჰიბრიდებსა და პლაგ-ინ ჰიბრიდებს. უფრო მეტიც, სამქიმიანები გვპირდებიან, რომ ამ კოლოფის გამოყენება მალე მათი სამოდელო გამის უკლებლივ ყველა მოდელზე იქნება შესაძლებელი.
„9G-ტრონიკით“ აღჭურვილი „E350 ბლიუტეკის“ გაყიდვები სექტემბერში დაიწყება. გერმანიაში ასეთი ავტომობილის სასტარტო ფასი 54 710 ევრო იქნება, უნივერსალისძარიანი ვერსიის ფასი კი 57 923 ევროდან დაიწყება.

No comments:

Post a Comment