Wednesday, July 3, 2013

უაიტინგი რბოლის გაჩერებასაც კი აპირებდა

British GP: Whiting nearly stopped race because of tyre failures
3 ივლისი
ფორმულა ერთის რბოლების დირექტორი ჩარლი უაიტინგი ამბობს, რომ ბრიტანეთის დიდი პრიზის რბოლის გაჩერებას აპირებდა, რისი მიზეზიც, საბურავების ხშირი დაზიანება იყო. სულ ასეთი ოთხი შემთხვევა მოხდა, რომელთაგან პირველად რბოლის ლიდერი, ლუის ჰამილტონი დაზარალდა. მერე კი მისი ბედი ფელიპე მასამ, სერხიო პერესმა და ჟან-ერიკ ვერნმა გაიზიარეს.
„ცოტაღა მაკლდა, რომ რბოლისთვის წითელი შუქი ამენთო“, - ამბობს უაიტინგი, ვინც კითხვაზე, კიდევ ერთი მსგავსი ინციდენტი რომ მომხდარიყო, გააჩერებდა თუ არა რბოლას, პასუხობს: „გარკვეული რიცხვის დასახელებისგან თავს შევიკავებ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარშლები, რომლებსაც ტრასის ნამსხვრევებისგან გაწმენდა უწევდათ, სერიოზული რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ. ადრე ერთ რბოლაში ამდენი მსგავსი შემთხვევა არასდროს გვქონია. ახლა მთავარია, სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მიზეზების დადგენა ვცადოთ“.
უაიტინგი ამბობს, რომ ახლა უპირველესად „პირელის“ განმარტებას ელის, რის შემდეგაც გამოჩნდება, თუ რა არის გასაკეთებელი: „ჯერ ძალიან ადრეა დასკვნების გაკეთება. მათ (პირელის) ბევრი რამ აქვთ გასაანალიზებელი. უნდა შეამოწმონ ის საბურავებიც, რომლებიც არ გამსკდარა. ამან შეიძლება სხვა საბურავების დაზიანების მიზეზები დაგვანახოს. დასკვნებს მერე გავაკეთებთ და ვნახავთ, რისი გაკეთება იქნება საჭირო“.
მიუხედავად იმისა, რომ „პირელიმ“ სწრაფად შეასრულა მომხდარის ანალიზი და მომხდარი ოთხი მიზეზით ახსნა და მათი გამოსწორების გზებიც დასახა, საკითხს მაინც განიხილავს FIA-ს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამასთან დაკავშირებით, ნურბურგრინგზე, გერმანული ეტაპის წინ გამართავს შეკრებას.

No comments:

Post a Comment