Tuesday, July 2, 2013

„ჯენერალ მოტორსმა“ „კადილაკის“ ფლაგმანის გამოშვება გადაიფიქრა

GM Reportedly Freezes Development of Flagship Cadillac Sedan
2 ივლისი
კადილაკ სიელ
ორი წლის წინ, „კადილაკმა“ პებლ ბიჩის (კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსზე, კონცეპტუალური ღია ავტომობილი „სიელი“ (ფოტოზე) წარადგინა, რომელმაც საუკეთესო გამოხმაურება დაიმსახურა. მაშინ კომპანიის დიზაინერებმა გამოაცხადეს, რომ ამ ავტომობილის გარეგნობის ელემენტებს, „კადილაკის“ მომავალ დიდ სედანზე გამოიყენებდნენ.
კადილაკ სიქსთინ
სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა „კადილაკი“ საზოგადოების აზრს კონცეპტუალური ავტომობილით სწავლობს. 2003 წელს, დეტროიტის მოტორ შოუზე, კონცეპტუალური „სიქსთინი“ წარადგინა, რომელიც V16 ძრავით იყო აღჭურვილი. ამ ავტომობილმა არამარტო ბრენდის ფანები, არამედ ჟურნალისტები და სპეციალისტებიც კი აღაფრთოვანა და „კადილაკმაც“ მისი წარმოებაც კი გადაწყვიტა. მაგრამ წამოწყება გაიწელა და საბოლოოდ, ბაზარზე ფლაგმანის დაბრუნების გეგმაც თაროზე დადეს.
როგორც ჩანს, იგივე ბედს „სიელიც“ გაიზიარებს, „კადილაკის“ ფლაგმანის ლოდინი კი უფრო დიდხანს მოგვიწევს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ყოველ შემთხვევაში, გამოცემა „ავტომოტივ ნიუსი“ იტყობინება, რომ „ჯენერალ მოტორსმა“ ულტრა ლუქს კლასის სედანის შემუშავების პროცესი შეაჩერა. გამოცემა ინფორმაციის წყაროდ სამ პიროვნებას ასახელებს, რომელთა ვინაობაც საიდუმლოდ შეინახა.
მათი თქმით, „ჯენერალ მოტორსის“ აღმასრულებლების უმეტესობის აზრით, უკანა ამძრავიანი ავტომობილი, რომლის ფასიც 100 000 დოლარის ფარგლებში იქნება, „კადილაკს“ ისეთ ბრწყინვალებას ვერ შესძენს, რაც შეიძლება ესოდენ დიდ ინვესტიციად შეიძლება ფასობდეს.
ინფორმაციის სამივე წყაროს ინფორმაციით, უკვე შეჩერებულია ავტომობილის დიზაინზე მუშაობა. თუმცა, ეს ჯერაც არ ნიშნავს, რომ „ჯენერალ მოტორსმა“ ხელი აიღო თავის გეგმაზე რომელიც სრულგაბარიტიანი, უკანა ამძრავიანი ავტომობილის გამოშვებას ითვალისწინებს. ასეთი ავტომობილით, „კადილაკი“ კონკურენციას გაუწევს პრემიუმ სეგმენტის ისეთ გამორჩეულ ლიდერებს, როგორებიცაა “მერსედეს-ბენცის“ S-კლასი და „ბეემვეს“ მე-7 სერიის სედანი. ასეთი ავტომობილის შემუშავება სრული ტემპით მიმდინარეობს და ის ბაზარზე სავარაუდოდ, 2016 ან 2017 წელს გამოჩნდება.
როგორც ინფორმაციის სამივე წყარო ირწმუნება, ფლაგმანი სედანის გამოშვებაზე უარის თქმის მთავარი მიზეზი, სწორედ სრულგაბარიტიანი სედანი გახდა. ის უკანა ამძრავიან პლატფორმა „ომეგაზე“ აიგება, რომელიც ასევე ფლაგმანის ბაზისი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ფლაგმანი ბევრი მყიდველის მიზიდვას ვერ შეძლებდა, რაც გენერლებისთვის ამ ეტაპზე უმთავრესია. დაბოლოს, დიდი სედანის გარეგნობაში დიზაინერები უხვად გამოიყენებენ „სიელის“ ელემენტებს.

No comments:

Post a Comment