Thursday, June 13, 2013

„ასტონ მარტინ V12 ვენტიჯ S“ - ყველაზე სწრაფი სერიული „ასტონი“

Aston Martin's New 565-HP V12 Vantage S Replaces V12 Vantage
13 ივნისი
„ასტონ მარტინმა“ თავისი პოპულარული კუპე „V12 ვენტიჯი“ განაახლა, რომელსაც ამიერიდან ინდექსი S დაემატა და რომელიც, ბრიტანული კომპანიის ისტორიაში, ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილი გახდება. მასზე სწრაფი „ვან-77“ იყო, თუმცა ის სულ რამდენიმე ცალი დამზადდა და სერიულ ავტომობილად ვერ ჩაითვლება. განახლების შემდეგ, მისი სიმძლავრე 55 ცხენის ძალით, 565 ცხენის ძალამდე გაიზარდა.
„ასტონ მარტინ V12 ვენტიჯ S“ აღჭურვილია მოდრნიზებული 6.0-ლიტრიანი V12 ატმოსფერული AM28 ძრავით, რომელსაც „ბოშის“ წარმოების ელექტრონული მართვის უახლესი სისტემა ემსახურება. მისი წყალობით, სიმძლავრის გარდა, მაბრუნი მომენტიც გაიზარდა და ის ახლა 620 ნიუტონმეტრს (5750 ბრ/წთ-ზე) გამოიმუსავებს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ უკვე 1000 ბრ/წთ-ზე ძრავი 510 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს, რითაც ავტომობილს შესანიშნავ დინამიკურ მახასიათებლებს ანიჭებს. ცნობისათვის, ადრე მაქსიმალური მომენტი 570 ნიუტონმეტრი იყო, 1000 ბრ/წთ-ზე კი მომენტი 440 ნიუტონმეტრს აღწევდა.
ძრავთან კომპანია „გრაცანოს“ წარმოების 7-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფია (სპორტშიფტ III AMT) შეწყვილებული, რომელმაც მექანიკური 6-საფეხურიანი შეცვალა. ახალი კოლოფი წინმორბედზე 25 კილოგრამით მსუბუქია. საფეხურების შესაცვლელად, საჭის რგოლის უკან მოთავსებული ბერკეტები გამოიყენება, როგორც ფ1-ში. ამ აგრეგატების დახმარებით, „ასტონ მარტინ V12 ვენტიჯ S-ის“ მაქსიმალური სიჩქარე 330 კმ/სთ-ს აღწევს. როგორია მისი სტანდარტული აჩქარება, ამაზე ბრიტანული კომპანია ჯერჯერობით სდუმს. ცნობისათვის, „V12 ვენტიჯს“ ადგილიდან ასამდე აჩქარება 4.2 წამში შეუძლია.
ავტომობილი ადაპტირებადი საკიდარითაა აღჭურვილი, რომელიც სამ რეჟიმში მუშაობს. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „ვენტიჯის“ ოჯახის ავტომობილი ასეთი საკიდარითაა. რეჟიმები - ნორმალი, სპორტი და ტრეკი, მძღოლს ავტომობილის დინამიკური მახასიათებლების რეგულირების საშუალებას აძლევს. ამ რეჟიმების შესაბამისად მუშაობს საჭის მექანიზმიც (სერვოტრონიკ), რომელიც საკიდარის სპორტ და ტრეკ რეჟიმების არჩევისას, უფრო მძიმდება.
გარეგნულად, ცვლილებები მინიმალურია. შეცვლილია რადიატორის ცხაური, რომელიც კონცეპტუალური „CC100 სპიდსტერის“ სტილშია შესრულებული. ავტომობილი ალუმინისგან ჩამოსხმულ 10-წკირიან 19-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც „პირელი P ზერო კორსა“ რეზინითაა შემოსილი. შავადაა შეღებილი სახურავი. კიდევ ერთი სიახლეა უფრო პატარა და ხმაურიანი გამოსაბოლქვი სისტემა, ვიდრე წინა „ვენტიჯს“ ჰქონდა. მუხრუჭები „ბრემბოს“ წარმოებისაა, რომლებიც დსკებიც კარბონ-კერამიკითაა დამზადებული.

სავარაუდოდ, პირველად „ასტონ მარტინ V12 ვენტიჯ S-ს“ გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე წარადგენენ, რომელიც ივლისში ჩატარდება. მოგვიანებით ის ფრანკფურტის მოტორ შოუზეც წარსდგება, რის შემდეგაც, „ასტონ მარტინი“ შეკვეთების მიღებას დაიწყებს. სავარაუდო საბაზო ღირებულება 136 000 გირვანქა სტერლინგი იქნება.

No comments:

Post a Comment