Friday, June 7, 2013

მე-12 თაობის „ტოიოტა კოროლა“

All-New 2014 Toyota Corolla Gains Fresh Looks, More Space and 7-Speed CVT
7 ივნისი
„ტოიოტამ“ თავისი ბესტსელერის, კომპაქტურ სედან „კოროლას“ მსოფლიო პრემიერა სანტა მონიკაში (აშშ, კალიფორნია) ჩაატარა. მზის სინათლემ პირველად იხილა ავტომობილი, რომლის წინამორბედიც, თავისი უღიმღამო გარეგნობის მიუხედავად, მთელს მსოფლიოში, მე-8 ყველაზე გაყიდვადი, „ტოიოტასთვის“ ყველაზე მნიშვნელოვან, ამერიკის ბაზარზე კი მეორე ყველაზე გაყიდვადი (პირველი იმავე ტოიოტას საშალო ზომის სედანი ქემრია) ავტომობილია.
ახალი „კოროლას“ გარეგნობა იაპონურმა კომპანიამ დეტროიტში, კონცეპტუალური „ფურიას“ სახით გაგვაცნო. ალბათ სადაო არ უნდა იყოს, რომ ახალი „კოროლა“ თავის წინამორბედზე გაცილებით დახვეწილი გარეგნობით გამოირჩევა. მაგრამ ისეთი თვალწარმტაცი ქმნილება მაინც არაა, როგორსაც „ტოიოტა“ გვპირდებოდა. ეს მას არც სჭირდება, რადგან სახელი „კოროლა“ უკვე არის იმის წინაპირობა, რომ ამ ავტომობილს ბევრი მუშტარი ეყოლება. მითუმეტეს, მყიდველს არაერთი ტექნოლოგიური სიახლე ელოდება.
ახალი „კოროლა“ გარედანაც და შიგნიდანაც, უფრო დიდი „ავალონის“ სტილშია შესრულებული. ექსტერიერში მთავარი ამოსაცნობი ელემენტი ექვსკუთხა რადიატორია, რომლის მეტი ნაწილიც ბამპერის ქვეშ მოექცა და შუქდიოდური წინა ფარები, რომლებიც რთული ფორმების მიუხედავად, იდეალურად ერწყმის მანქანის წინა ნაწილს. საერთო სურათს არ უხდბა სანისლე ფარები, რომლებიც შავ ფოსოებშია ჩასმული.
ინტერიერში ყურადღებას იქცევს მაჩვენებლების დაფა და ცენტრალური კონსოლი, რომლებიც მთლიანობაში პრემიუმ შთაბეჭდილებას ტოვებს. მაჩვენებლებს შორის მომცრო მონიტორია მოთავსებული, რომელზეც მანქანის სხვადასხვა პარამეტრების გამოტანაა შესაძლებელი. ცენტრში კი უფრო დიდი სენსორული მონიტორია, რომლის გარშემოც მართვის საშუალებები განლაგდა.
სალონის სამგზავრო სივრცე გაზრდილია იმის ხარჯზე, რომ ბორბლებს შორის ბაზა 99.8 მილიმეტრით, 2700 მილიმეტრამდე გაიზარდა. ავტომობილის გარე გაბარიტებია: სიგრძე 4 650 მილიმეტრი, სიგანე 1 776 მილიმეტრი და სიმაღლე 1 455 მილიმეტრი. ამგვარად, ის წინამორბედზე 99 მილიმეტრით გრძელი, 16 მილიმეტრით განიერი და 10 მილიმეტრით დაბალია.
ახალი „კოროლასთვის“ ჯერჯერობით მხოლოდ ორი ძრავია გათვალისწინებული. ორივე ოთხცილინდრიანია და ორივე 1.8-ლიტრიანი. მათგან ერთი 132 ცხენის ძალას და 173 ნიუტონმეტრს ავითარებს, მეორე კი - 140 ცხენის ძალას და 170 ნიუტონმეტრს. ტრანსმისია კი სამია. „კოროლას“ L და S ვერსიები 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფითაა აღჭურვილი, საბაზო L ვერსიაზე ასევე შესაძლებელია 4-საფეხურიანი ავტომატური კოლოფის დაყენება. ვერსიები S, LE და „ეკო“ შეიძლება ასევე აღიჭურვოს ვარიატორით CVTi-S. ამ აბრევიატურაში, i-ინტელიჯენტ - საზრიანს აღნიშნავს, S კი - შიფტს, ანუ საფეხურს.
„ტოიოტას“ რელიზში აღნიშნულია, რომ ჩამოთვლილი ვერსიებიდან ყველაზე ეკონომიურია ვერსია „ეკო“, რომელიც მაგისტრალზე მოძრაობისას, 100 კილომეტრის გასავლელად 5.9 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ამ ვერსიაზე 15-დუიმიან, დაბალი წინაღობის მქონე საბურავებს იყენებენ. გარდა ამისა, ის სპეციალური აეროდინამიკური ელემენტებითაა აღჭურვილი, მათ შორის, უკან მოთავსებული მცირე ანტიფრთით.
ავტომობილის მზიდი სტრუქტურა მსუბუქი, მაღალი სიმტკიცის ფოლადია გამოყენებული. ამის წყალობით, შასის გრეხვით დატვირთვებზე წინაღობის გაზრდის კვალობაზე, შემცირებულია (1315 კილოგრამამდე) წონა. მტკიცე სტრუქტურა უსაფრთხოების გაუმჯობესებას იწვევს. გარდა ამისა, უსაფრთხოებას ემსახურება 8 აირბალიში. აღჭურვილობაში ასევე შედის შუქდიოდური ფარები განათების შემცირებული ჭავლით, ტელეფონი ბლუთუთ კავშირით, ასევე მეხსიერების გარე საშუალებათა შესაერთებლებით.
საინტერესოა, რომ დღეს სტამბულში, ახალი „კოროლას“ ევროპული ვერსიის (ქვედა ფოტოებზე) პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციამდე კი ინტერნეტით ამ ავტომობილების ფოტოები გავრცელდა, რომლებიდანაც ჩანს, რომ ევროპული ვერსია გარეგნულად გლობალური ვერსიისგან ძლიერ განსხვავდება. შეიძლება ითქვას, რომ მას უფრო უხეში გარეგნობა აქვს. ინტერიერში კი განსხვავება თითქმის არაა.
აღსანიშნავია, რომ „ტოიოტა“ ევროპული ბაზრისთვის „კოროლას“ თავის თურქულ ქარხანაში გამოუშვებს, რომელიც ქალაქ საქარიაში მდებარეობს. ამავე ქარხანაში იაპონური კომპანია ჰეჩბეკ „ვერსოსაც“ აწარმოებს.

No comments:

Post a Comment