Saturday, May 11, 2013

„ფერარის“ შეფს მეტი ექსკლუზიურობა სურს

Ferrari CEO Wants the Brand to Become More Exclusive and Focus Less on Growing Sales
11 მაისი

დღეს „ფერარის“ სამოდელო გამა არნახულად დიდია და შესაბამისად, გაყიდვებიც მუდმივად იზრდება. მაგრამ როგორც ირკვევა, მარანელოელებს ეს ნაკლებად აინტერესებთ. პირიქით, მათი მთავარი აღმასრულებელი ლუკა დი მონტეძემოლო ამბობს, რომ ურჩევნია, გაყიდვები ხელოვნურად შეზღუდოს და ამით, „ფერარის“ ავტომობილების ექსკლუზიურობა შეინარჩუნოს.

„ფერარის“ ოჯახი ამჟამად ექვს წევრს აერთიანებს. ესენია: „კალიფორნია“, „458 იტალია“, „458 სპაიდერი“, „F12 ბერლინეტა“, FF და „ლაფერარი“. შარშან იტალიურმა კომპანიამ 7 318 ავტომობილი გაჰყიდა. ეს 50 პროცენტით მეტია 1991 წლის მაჩვენებელზე, იმ წლისა, როდესაც ლუკა დი მონტეძემოლო კომპანიის მთავარი აღმასრულებელი გახდა. სწორედ ლუკაა ის პიროვნება, ვინც გაყიდვებსა და ექსკლუზიურობას შორის ბალანსის შენარჩუნებას მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს.
„მიმაჩნია, რომ წელს და მომავალ წლებში, ყურადღება არა გაყიდვების ზრდაზე, არამედ ექსკლუზიურობის ფაქტორზე უნდა გადავიტანთ. ეს კი ჩვენი მოგების მარჟებს და კლიენტებისთვის, მათ მიერ შეძენილი ავტომობილების ნარჩენ ღირებულებას დაიცავს“, - გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპთან“ საუბრისას ამბობს დი მონტეძემოლო და დასძენს, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა მაშინაც გაუმჯობესდება, თუ გაყიდვების მოცულობა უცვლელი დარჩება. ამას კი მოგების მარჟის გაზრდა უზრუნველყოფს. მისი თქმით, შარშან ეს მაჩვენებელი, ავტომობილის ღირებულების 14.4 პროცენტი იყო, წელს კი 15 პროცენტი იქნება.
თუ „ფერარის“ ავტომობილები უფრო ექსკლუზიური გახდება, მაშინ შესაძლებელი იქნება მარჟის გაზრდა. მაგრამ როგორ შეიძლება ამის მიღწევს ბრენდისთვის, რომელიც ისედაც ექსკლუზიურია?  დი მონტეძემოლო პასუხობს: „საშუალოდ, მომხმარებელი ოპციის სახით, მანქანის ღირებულებას 25 000 ევროს უმატებს, რაც საცალო ფასის 10 პროცენტია. ექსკლუზიურობის გაზრდის კიდევ ერთი გზა, არასტანდარტული პროგრამაა, რომელიც ფასს 50 000 ევროს დაამატებს. ყოველივეს შედეგი იქნება უფრო პერსონალიზებული, უფრო უნიკალური ავტომობილები, რომლებიც ფასს დიდხანს შეინარჩუნებს“.
და თუ ზოგიერთი კლიენტისთვის ესეც არ იქნება საკმარისი, ასეთებს „ფერარი“ სპეციალური პროექტების პროგრამას შესთავაზებს. როგორც დი მონტეძემოლო ამბობს, ამ პროგრამით ჯერ მხოლოდ ათი ავტომობილია შექმნილი, რომელთაგან საზოგადოებას მხოლოდ ოთხი გააცნეს.  ამის მიზეზი კი შემკვეთების სურვილია, რომ მათი მანქანების შესახებ, საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყოს.

No comments:

Post a Comment