Tuesday, April 16, 2013

ახალ „ალპინს“ რეტრო ელემენტებიც ექნება

Renault Boss Says Alpine Sports Car Will Get 280Hp and Retro Styling Cues
16 აპრილი

სანამ „რენო“ ბაზარზე ბრენდ „ალპინს“ დააბრუნებს და მის პირველ სპორტულ ავტომობილს გამოიყვანს (სავარაუდოდ, ეს 2016 წელს მოხდება), დამკვიდრებას მოასწრებს „ალფა რომეოს“ კოხტა კომპაქტური სპორტული ავტომობილი 4C. ორივეს კი კონკურენცია „ლოტუს ელიზთან“ მოუწევს. მოკლედ, ძალიან შეზღუდული სეგმენტი თანდათან ივსება და კონკურენციის ერთობ დაძაბული მოედანი ხდება.

ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში, ნიუანსებსაც კი დიდი მნიშვნელობა ექნება, რომ არაფერი ვთქვათ დიზაინსა და აღჭურვილობაზე. ამიტომ, ამ თემებზე ფრანგული კომპანია არაერთხელ გაამახვილებს ყურადღებას, რათა ახალ ავტომობილზე წინდაწინ შექმნას მოლოდინი და ასე ხელი შეუწყოს მის გაყიდვებს. სწორედ ამ მიზნით, „რენოს“ ჯგუფის შეფმა კარლოს ტავარესმა, ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქართან“ საუბრისას, სწორედ ახალი „ალპინი“ ახსენა და მასზე მცირე ინფორმაცია გაამჟღავნა.
მან თქვა, რომ ავტომობილის გარეგნობა 70 პროცენტით ჩამოყალიბებულია და ახლავე უკვე შეიძლება ითქვას, რომ ავტომობილში მრავლად იქნება რეტრო სტილის ელემენტები. ტავარესმა ახსენა ტერმინი „ისრის ბუნიკისებრი ცხვირი“ და ეს ტერმინი ავტომობილის სტილის ლაკონური დახასიათებაა. ანუ, მთლიანობაში ავტომობილი გასასროლად მომართულ ისარს დაემსგავსება.
რაც შეეხება აღჭურვილობას, აქ გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა დიდი ალბათობით შეიძლება ვარაუდი, რომ ახალ „ალპინს“ მამოძრავებელ ძალას 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავი მიანიჭებს. ძრავის სიმძლავრე 280 ცხენის ძალის ფარგლებში იქნება. ჯერაც გადაწყვეტილი არაა, ძრავს 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი შეუწყვილდება, თუ ნახევრად ავტომატური, რომელსაც ძრავთან ორდისკოიანი ქურო დააკავშირებს.
საერთოდ, ახალ „ალპინს“ ბევრი საერთო ექნება „კლიო RS-თან“, რომელსაც მომხმარებელმა ბევრი ნაკლი აღმოუჩინა და ფრანგულ კომპანიაში ახლა სწორედ ამ ნაკლების გამოსწორებაზე ზრუნავენ. სწორედ ესაა იმის მიზეზიც, რომ ახალი „ალპინის“ წარმოებისთვის მომზადებას სამი წელი დასჭირდება.
სხვათა შორის, ახალ ავტომობილზე, „რენოს“ გარდა, „კატერჰემის“ სპეციალისტებიც მუშაობენ - ბრიტანული კომპანია „ალპინის“ თავის ვერსიას გამოუშვებს. ორ ავტომობილს საერთო პლატფორმა ექნება, თუმცა გარეგნულად ისინი განსხვავებული იქნება. ამასთან, „კატერჰემი“ ალბათ თავის ვერსიას „ტოიოტას“ წარმოების ძრავით აღჭურვავს.

No comments:

Post a Comment