Sunday, April 7, 2013

ქაჯაიას ჰეთ-თრიკი დიჟონში


7 აპრილი
ენდურენსზე გამარჯვების შემდეგ
ორი მოგებული კვალიფიკაცია, ორი მოგებული მოკლე რბოლა, ერთიც ენდურენსი, წრის საუკეთესო დრო, ტრასის რეკორდი (ლეჯენდსის კლასის ავტომობილებისთვის) - ეს ყველაფერი ჰეთ-თრიკზე მეტია, თუმცა მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი სამი მოგებული რბოლაა, რადგან დათა ქაჯაია ქულებს სწორედ ამ გამარჯვებების გამო მიიღებს.

ასე შესანიშნავად დაიწყო ქართველმა მრბოლმა თავისი მეორე ევროპული სეზონი. შეგახსენებთ, რომ ის ლეჯენდსის კლასის სარბოლი ავტომობილების ევროპის ეროვნებათა თასის სერიაში ასპარეზობს, რომლის ჩემპიონიც შარშან, დებიუტისთანავე გახდა. სხვათა შორის დაფრანგეთის დიჟონ პრენუას ტრეკი ის ადგილია, სადაც ჩვენებურმა გასულ სეზონში თავისი პირველი ევროპული გამარჯვება მოიპოვა.
ქაჯაია სტარტის წინ. უკან, 2 ნომრით კოლიაშვილი
ახლა კი ისე გაშინაურდა, ახლოსაც აღარავის იკარებს - ენდურენსის მთელი რბოლა მარტოობაში გაატარა და უახლოეს მდევარს, თავის ბელგიელ სეხნია დავიდ დე სეგერს ნახევარ წუთზე მეტით აჯობა. ამასთან, ქაჯაიამ ტრასის წრის რეკორდი 1.200 წამით გააუმჯობესა. თავის მხრივ, დე სეგერს დიდი ბრძოლა დასჭირდა იმისათვის, რომ წინ არ გაეშვა ფრანგი ლორენ პრუნე.
მარცხნიდან: კოლიაშვილი, ელენა და ქაჯაია
სამწუხაროდ, ამჯერად მხოლოდ მეათე ადგილს დასჯერდა კიდევ ერთი ქართველი, კონსტანტინე კოლიაშვილი, რომელმაც ერთი მოკლე რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა. ენდურენსის დასაწყისში, ის მეოთხე ადგილამდე დაწინაურდა, მაგრამ შემდგ რბოლის წესი დაარღვია - ზოლი ოთხივე ბორბლით გადაკვეთა, რის გამოც, პიტლეინზე უქმე გავლით დააჯარიმეს...
საინტერესო ფაქტი: რბოლაში მონაწილეობა ლეგენდარული ფრანგი მრბოლის, რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონ სებასტიან ლოების ნავიგატორმა დანიელ ელენამაც მიიღო. სანამ ლოები პორტუგალიის რალისთვის პოლონელ რობერტ კუბიცას უწევს კონსულტაციებს, მისმა პარტნიორმა დიჟონის რბოლაში იასპარეზა და 24-ე ადგილს დასჯერდა.

No comments:

Post a Comment