Sunday, April 7, 2013

საწვავის ნაცვლად... ალუმინი და ჰაერი (ვიდეო)

Phinergy's metal-air battery could eliminate EV range anxiety

7 აპრილი
ისრაელის კომპანია „ფინერჯი“ ტექნოლოგიურ გარღვევას ამზადებს, რომელსაც ბაზარზე ელექტრომობილების დამკვიდრების საქმეში დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. მისმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს მეტალ-აიროვანი ელემენტები, რომლებსაც ელექტრომობილის ისეთი ნაკლის გამოსწორება შეუძლია, როგორიცაა სვლის მცირე სიშორე. „ფინერჯის“ მიერ შემუშავებული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, რომ ავტომობილში საწვავის ნაცვლად სუფთა წყალი ჩაასხათ და ეს რამდენიმე ასეული კილომეტრის გასავლელად საკმარისი იქნება.
ახალი ტექნოლოგიით შექმნილი ელემენტების ბლოკების გამოსაცდელად, „ფინერჯიმ“ პატარა ჰეჩბეკი „სიტროენ C1“ აარჩია. ელემენტები ამ ავტომობილის საბარგულში მოათავსეს. ელემენტებში სამუშაო ტანის მოვალეობას სუფთა წყალი ასრულებს. ანოდებად ალუმინის ფირფიტებია გამოყენებული. კათოდი კი აირია, საიდანაც ელემენტი ჟანგბადს იღებს.
„ფინერჯიმ“ მოახერხა ელემენტისთვის ისეთი კატალიზატორის (ვერცხლის შემცველია) შემუშავება, რომელიც ჟანგბადს ატარებს, მაგრამ ნახშირორჟანგის მოლეკულებს ბლოკავს. სხვათა შორის, ნახშირორჟანგი სხვა მსგავს ელემენტებში, მადესტაბილიზებელი ფაქტორია. „ფინერჯის“ მიერ შემუშავებული ალუმინის ანოდოვანი ელემენტების ტევადობა ყოველ კილოგრამზე 8 კილოვატსაათია. მაგრამ ასეთ ელემენტებს ერთი ცუდი თვისება აქვს - მათი დამუხტვა შეუძლებელია. ამასთან, საჭიროა ალუმინის ფირფიტების ცვლა და ყოველ რამდენიმე ასეულ კილომეტრზე, წყლის დამატება.
ტესტებისთვის, „სიტროენ C1“ აღიჭურვა ბლოკით, რომელშიც ალუმინის 50 ფირფიტაა მოთავსებული, რომელთა ჯამური წონა მხოლოდ 25 კილოგრამია. თითოეული ფირფიტის ენერგია, 32 კილომეტრის გასავლელადაა საკმარისი. ჯამში 1600 კილომეტრზე მეტი გამოვიდა. ამ მანძილზე გადაადგილებისას, მანქანას მხოლოდ რამდენჯერმე დასჭირდება წყლის დამატება. ებრაული კომპანიის განცხადებით, ალუმინი ადვილად ექვემდებარება გადამუშავებას და ამიტომ, ის ახალი ტიპის ელემენტებისთვის ხელსაყრელი მასალაა. გარდა ამისა, ასეთი ელემენტების გამოცვლა გაცილებით სწრაფად ხერხდება, ვიდრე თანამედროვე ლითიუმ-იონური ელემენტების დამუხტვა.
იმის გამო, რომ ელემენტი არ იმუხტება, მისი გამოყენება უფრო ხელსაყრელია სვლის სიშორის გასაზრდელად. ამ შემთხვევაში, ენერგიის მთავარი დამგროვებელი ისევ ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი იქნება, რომელთა დაცლის შემთხვევაშიც, მათ ენერგიით „ფინერჯის“ მეტალ-აიროვანი ელემენტები მოამარაგებს.
პარალელურად, „ფინერჯი“ უკვე მუშაობს თუთია-აიროვან ელემენტებზე, რომლებიც დამუხტვას ადვილად ექვემდბარება. ებრაული კომპანია ირწმუნება, რომ მისი ტექნოლოგიით, მსხვილი ავტომწარმოებელია დაინტერესებული. მასთან უკვე წინასწარი ხელშეკრულებაც კია გაფორმებული, რომელიც ახალი ტიპის ელემენტების მიწოდებას ითვალისწინებს. „ფინერჯის“ ვარაუდით, ახალი ტიპის ელემენტების მასობრივი წარმოების დაწყება 2017 წელს იქნება შესაძლებელი.

ვიდეო

No comments:

Post a Comment