Sunday, April 21, 2013

„ფორდმა“ სახელი „ესკორტი“ ჩინეთისთვის აღადგინა

Ford Revives Escort Name with New Concept Sedan in Shanghai
20 აპრილი
იყო დრო, როდესაც „ფორდის“ გამაში ყველაზე პოპულარული და ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი, კომპაქტური „ესკორტი“ იყო. არა იმიტომ, რომ ის დახვეწილი დიზაინით, ან შესანიშნავი დინამიკური მახასიათებლებით გამოირჩეოდა. არამედ იმიტომ, რომ ხელმისაწვდომი ავტომობილი იყო. მაგრამ ეს სახელი „ფოკუსმა“ შეცვალა, რომელმაც „ესკორტისგან“ მემკვიდრეობით პოპულარობა გადაიბარა.
და აი, დადგა დრო, როდესაც ცისფერ ოვალს „ესკორტი“ ისევ დასჭირდა. როგორც „ფორდის“ მარკეტოლოგებმა დაადგინეს, ჩინელ მომხმარებლებს სჭირდებათ ავტომობილი, რომელსაც აქვს დახვეწილი გარეგნობა, მაგრამ არა ისეთი, რომელიც ზედმეტად პრეტენზიული იქნება. ცოტა არ იყოს, ზედაპირული განსაზღვრებაა, თუმცა მასში ადვილად ამოიცნობა ავტომობილი, რომელიც ლამაზიც უნდა იყოს და არც ძვირიც.

„ესკორტის“ აღდგენის სასარგებლოდ კიდევ ერთმა ძლიერმა არგუმენტმა იმუშავა: ის კომპაქტური ავტომობილების კლასს მიეკუთვნება, რომელზეც ჩინეთში გაყიდული ავტომობილების 25 პროცენტი (5.5 მილიონი) სწორედ კომპაქტურ სეგმენტზე მოდის. აქ „ფორდს“ არსენალში „ფოკუსი“ აქვს, რომელიც ჩინეთში პოპულარულია, მაგრამ თავისი აგებულებით აშკარად მიგანიშნებთ, რომ ჰეჩბეკის ბაზაზეა შექმნილი. ჩინელებს კი სედანად გადაკეთებული ჰეჩბეკი კი არა, ნამდვილი სედანი ურჩევნიათ.
სწორედ ასეთი სედანი - კონცეპტუალური „ესკორტი“ წარადგინა ამერიკულმა კომპანიამ შანჰაის გამოფენაზე. მისი რადიატორის ექვსკუთხა ფორმის შემჩნევისთანავე მიხვდებით, რომ საქმე ცისფერი ოვალის ავტომობილთან გაქვთ. როგორც შანჰაიში ითქვა, ეს იქნება „ფორდის“ „შკოდა ოქტავია“. ავტომობილი, რომელიც ისევ კომპაქტური ჰეჩბეკის ბაზაზე აიგება, თუმცა მასზე ზორბა იქნება. ახალმა „ესკორტმა“ კონკურენცია იმავე „ოქტავიას“ და ყოფილ ნათესავ „მაზდას“ სედან „მაზდა6-ს“ უნდა გაუწიოს. ამერიკული ავტომობილის მთავარი უპირატესობა, შედარებით დაბალი ფასი გახდება. სხვათა შორის, „ოქტავია“ ბევრ ბაზარზე ძალიან პოპულარულია და „ფორდი“ თვლის, რომ ამ სეგმენტში კონკურენცია საქმეს მხოლოდ წინ წასწევს.
დაბოლოს, თუ გავითვალისწინებთ „ფორდის“ ახალ სამარკეტინგიო დევიზს - „ერთი ფორდი“, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რომ „ესკორტი“ მარტო ჩინელებისთვის არ შეიქმნება. მას გლობალურად გაჰყიდიან. ოღონდ, ამისათვის აუცილებელია, რომ მას ჩინურ ბაზარზე ჰქონდეს წარმატება.

No comments:

Post a Comment