Saturday, April 6, 2013

ბათუმში ავტოდრომი აშენდება

5 აპრილი
ბათუმში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, თანამედროვე ავტოდრომი აშენდება. ამ საქმეს არასამეწარმეო იურიდიული პირი „ბათუმის ავტოდრომი“ და აჭარის საავტომობილო ფედერაცია უძღვებიან, რომლებსაც ბათუმის თვითმმართველობის მხარდაჭერა აქვთ. გამოყოფილია მიწა, რომელზეც ავტოდრომი აშენდება.
ამ ეტაპზე, პროექტის შემუშავება მიმდინარეობს, უკვე განსაზღვრულია ტრასის ძირითადი პარამეტრები: სიგრძე 1626 მეტრი, უგრძესი სწორი მონაკვეთის სიგრძე 418 მეტრი, მინიმალური სიგანე 10 მეტრი, მაქსიმალური სიგანე 14 მეტრი. ტრასას აქვს საათის ისრის მოძრაობის მიმართულება. პროექტირების პროცესში, ზოგი პარამეტრი ალბათ შეიცვლება.
ალბათ ყურადღება მიაქციეთ, რომ ბათუმის ავტოდრომი საკმაოდ მოკლეა. თუმცა, ასეთი მოკლე ტრასები უცხოეთში და განსაკუთრებით ამერიკაში, უმაღლესი დონის რბოლებს (ნასქარ-ი) მასპინძლობენ. სწორედ ერთი მილი აქვს სიგრძეში ფინიქსის ოვალს, ბრისტოლისა კი 900 მეტრიც კი არაა, მაგრამ ამ ტრასებზე ყოველთვის ანშლაგია ხოლმე. ასე რომ, სკეპტიციზმის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
რაც მთავარია, პროექტში თავიდანვე გათვალისწინებული იქნება ტრასის მოდერნიზაცია, რის შემდეგაც, ტრასის სიგრძე 4.5 კილომეტრს მიაღწევს. გარდა ამისა, გათვალისწინებულია კარტოდრომის მოწყობაც. კარტინგი ალბათ ყველაზე მეტ ყურადღებას საჭიროებს, რადგან სწორედ კარტინგში იზრდებიან ის მრბოლები, რომლებმაც შემდგომში დიდი ავტოსპორტისკენ უნდა გაიკაფონ გზა.
ბათუმში კარგი სარბოლი ბაზის არსებობით, საქართველოში ავტოსპორტის განვითარებას კარგი სტიმული მიეცემა, რადგან სპორტის ეს სახეობა აღაარ იქნება მხოლოდ ორი ქალაქის - რუსთავის და თბილისის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი. ბათუმის ავტოდრომით, ავტოსპორტის ის მრბოლები და მოყვარულებიც ისარგებლებენ, რომლებისთვისაც რუსთავის მოტორპარკი ძალიან შორსაა.
ამ ეტაპზე, პროექტის შედგენის გარდა, ავტოდრომის ორგანიზარორები სპონსორების ძიებაში არიან. მათი განცხადებით, ამ საქმით კერძო ბიზნესმა დაინტერესება უკვე გამოხატა და ამჟამად, სწორედ მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკება.

No comments:

Post a Comment