Sunday, April 28, 2013

კუბიცამ „მერსედესის“ ფ1-ის სიმულატორზე ივარჯიშა


Kubica confirms he drove in Mercedes's Formula 1 simulator
28 აპრილი
კუბიცა და ვოლფი
ჟურნალ „ავტოსპორტთან“ საუბრისას, რობერტ კუბიცამ დაადასტურა, რომ „მერსედესის“ ფ1-ის სიმულატორზე ივარჯიშა. ეს ინფორმაცია პირველად ცოტა ხნის წინ გაჟღერდა, როდესაც პოლონელი მრბოლი რალის ევროპული ჩემპიონატის ეტაპზე ასპარეზობდა. მაგრამ დღეების განმავლობაში, ჭორის ელფერი დაჰკრავდა. თუმცა, აზორის რალის წინ, კუბიცას „ავტოსპორტის“ რეპორტიორი ესაუბრა და ამ საუბრისას მრბოლმა დაადასტურა, რომ ბრეკლიში იმყოფებოდა და სიმულატორზე ივარჯიშა. თუმცა, ამ თემაზე მეტის თქმა აღარ ისურვა.

„შემიძლია გითხრათ კი, მაგრამ ვერ გეტყვით, რამდენჯერ ვივარჯიშე, ან რამდენი წრე გავიარე. უბრალოდ, არ მინდა, რომ ეს ხმები ჭორებად დარჩეს. ოღონდ, როდესაც კის ვამბობ, უნდა იგულისხმოთ, რომ ეს ადრე იყო“, - ამბობს კუბიცა, ვისაც „მერსედესის“ მოტორსპორტის შეფ ტოტო ვოლფთან ახლო ურთიერთობა აქვს და სწორედ მისი მიწვევით მიიღო მონაწილეობა DTM-ის სარბოლი ავტომობილის ტესტირებაში.
იმ ტესტების შემდეგ ვოლფმა განაცხადა, რომ თუ კუბიცა ოდესმე გადაწყვეტს წრიულ რბოლებში დაბრუნებას, სიამოვნებით იმუშავებს მასთან. კუბიცამ აღიარა, რომ ის „მერსედესის“ მეტოქე გუნდის წევრმა ჰიტროუს აეროპორტში დააფიქსირა, საიდანაც გერმანული საჯინიბოს ბაზაზე, სიმულატორზე სავარჯიშოდ გაემართა. ეს ინფორმაცია სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა.
კითხვაზე, აპირებს თუ არა სიმულატორზე ისევ ვარჯიშს, კუბიცამ უპასუხა: „შესაძლოა, ჯერ არ ვიცი. თუმცა ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის, როცა ჰიტროუს აეროპორტში დამინახავენ, აუცილებლად „მერსედესის“ ბაზაზე მივდივარ. ჰიტროუში სხვადასხვა მიზეზით მიწევს ხოლმე ყოფნა“.
პოლონელმა ამასწინათ იმედი გამოთქვა, რომ მისი ტრავმირებული ხელი მალე დაიბრუნებს სრულფასოვან ფუნქციას, რაც ფორმულა ერთის მანქანის რეალურად მართვის საშუალებას მისცემს.

No comments:

Post a Comment