Friday, March 8, 2013

ესეც განახლებული „ჰიუნდაი i35“

2013 Hyundai ix35 is a freshened-up Euro-Tucson
8 მარტი
„ჰიუნდაიმ“ C-სეგმენტის ქროსოვერ i35-ის (ამერიკაში მას ისევ ტუსანად იცნობენ) განახლებული ვერსია ევროპელ მყიდველს ჟენევის მოტორ შოუზე წარუდგინა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც იტყვიან, განახლება განახლებისთვისო - კოსმეტიკურ ცვლილებებზე და თანაც ასეთ მინიმალურზე, სხვას ვერაფერს იტყვი. მაგრამ ამას თავისი მიზეზი აქვს და ეს მიზეზი, „ჰიუნდაის“ ევროპული შტოს მთავარმა დიზაინერმა თომას ბიურკლემ მარტივად განმარტა: „რად უნდა შევცვალოთ ის, რაც წარმატებულია? ჩვენს ამოცანას, ავტომობილის მხოლოდ განახლება იყო“.
ცნობისათვის, მას შემდეგ, რაც ეს ავტომობილი ბაზარზეა (2010-2013 წლებში), „ჰიუნდაიმ“ ის 220 000 ცალი (შარშან 87 000) გაჰყიდა. და ფეისლიფტინგის გარეშეც, გაყიდვების ტემპი შემცირებას არ აპირებდა. თუმცა, ყველა ავტომობილს, თავისი არსებობის სრული ციკლის შუაწელში, განახლება უწევს (ბაზარი ითხოვს) და ეს განახლება ვერც i35-ს ასცდა.

გარეგნულად მართლა მინიმალური ცვლილებებია სახეზე. ოდნავ შეიცვალა წინა ბამპერის მოყვანილობა, ასევე გაბარიტული ფარები და მთავარი ფარები. ეს უკანასკნელი ბიქსენონურია, დღის განათებისთვის კი შუქდიოდური სეგმენტი მუშაობს. შეიცვალა უკანა ფარების აგებულება, რადიატორის ფორმა და ბორბლების დიზაინი.

მთავარი ცვლილებები კი აღჭურვილობაში მოხდა. კაპოტქვეშ გამოჩნდა ბენზინის სრულიად ახალი, 2.0-ლიტრიანი ძრავი, რომელსაც საწვავის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების სისტემა ემსახურება. ამ აგრეგატმა „თეტა“ სერიის იგივე მოცულობის ძრავი შეცვალა. ახლის სიმძლავრე 166 ცხენის ძალა, მაბრუნი მომენტი კი 205 ნიუტონმეტრია (თეტას შესაბამისი მონაცემებია 163 ცხ.ძ და 194 ნმ). ძრავს უწყვილდბა ან 5-საფეხურიანი მექანიკური, ან 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი.

რა თქმა უნდა, ავტომობილის აღჭურვილობაშია 2.0-ლიტრიანი R-სერიის ტურბოდიზელი, რომელიც 184 ცხენის ძალას და 392 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ეს აგრეგატი გამონაბოლქვი აირის რეცირკულაციის სისტემით აღიჭურვა, რისი წყალობითაც, ის უფრო ნაკლებ საწვავს მოიხმარს.

ყველაფერთან ერთად, განახლებული i35 ახალი დამხმარე სისტემებითაც აღიჭურვა. მაგალითად, ესაა „ფლექს სტირ“, რომელიც მოძრაობის რეჟიმის შესაბამისად ცვლის საჭის „სიმძიმეს“. გარდა ამისა, საჭე გამათბობლითაც აღიჭურვა. მულტიმედიური სისტემა დაიხვეწა, სალონის გაწყობის ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდა, ავტომობილი პარკირების წინა სონარებით აღიჭურვა. განახლდა სანავიგაციო სისტემა.

No comments:

Post a Comment