Sunday, March 24, 2013

ბოდიში, რომ გავიმარჯვე

Vettel leads Red Bull one-two in Malaysia thriller
24 მარტი

მალაიზიაში გამარჯვების შემდეგ, სებასტიან ფეტელს სიტყვასიტყვით ასე არ უთქვამს მარკ ვებერისთვის, მაგრამ რბოლის შემდგომ განაცხადა, ეს ის გამარჯვება არაა, რომლითაც ვიამაყებო. მსგავსი განწყობა „მერსედესის“ ბანაკშიც სუფევდა - ლუის ჰამილტონმა აღიარა, კვარცხლბეკზე ნიკო როსბერგი უნდა მდგარიყოო...
„რედ ბულის შემთხვევაში, ინციდენტი, რომლის გამოც ფეტელმა რბოლის შემდეგ მოიბოდიშა, მას შემდეგ მოხდა, როდესაც ვებერი ბოლო პიტსტოპიდან დაუბრუნდა. ტრასაზე გამოსულს, გვერდში ფეტელი ამოუდგა, რომელიც დაწინაურებას ცდილობდა. გერმანელი მიზანთან ახლოს იყო, თითქმის გაასწრო კიდეც, მაგრამ ვებერმა ლიდერობის შენარჩუნება მოახერხა. ამ დროს, ფეტელს რადიოთი მიუთითეს, რომ პოზიცია შეენარჩუნებინა, მაგრამ მან ეს მითითება ერთ ყურში შეუშვა, მეორედან გამოუშვა და შეტევა განაგრძო. ორი წრის შემდეგ კი, ბორბალი-ბორბალში ბრძოლა გერმანელის დაწინაურებით დასრულდა, რასაც ვებერის უკმეხი ჟესტი (შუა თითის კომბინაცია) მოჰყვა.

„ეს ის გამარჯვება არაა, რომლითაც შეიძლება ვიამაყო, რადგან ის ალბათ მარკს ეკუთვნდოა. შევცდი და მრცხვენია, რომ ასე მოხდა“, - განაცხადა ფეტელმა, ვინც კარიერაში 27-ე გამარჯვება მოიპოვა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ჯეკი სტიუარტს გაუტოლდა. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ორი ეტაპის ჯამში, ცხრილს სათავეში მოექცა და მეორეზე გადასულ რაიკონენს, ვინც ფინიშთან მეშვიდე მივიდა, 9 ქულას უგებს.
ნარბოლებს ქრისტიან ჰორნერმა განაცხადა, რომ ბოლო პიტსტოპის შემდეგ, ორივე პილოტს პოზიციის შენარჩუნება და საბურავების მოფრთხილება ურჩიეს. „მთავარია, რომ მაქსიმალური ქულები ავიღეთ. არადა გვეგონა, რომ საბურავების ბოლო კომპლექტი 6-7 წრეზე თუ გაძლებდა. მრბოლებს ვურჩიეთ, რომ რბოლის ბოლომდე, პოზიციების შენარჩუნებაზე ეზრუნათ. სებასტიანმა თავად მიიღო გადაწყვეტილება“, - განაცხადა ჰორნერმა.
სამქიმიანებს შორის ბრძოლაც ბოლო პიტსტოპის შემდეგ გაჩაღდა. ტელემეტრია აჩვენებდა, რომ როსბერგი უფრო სწრაფი იყო და მან რადიოთი გუნდს სთხოვა კიდეც, რომ ჰამილტონისთვის გზის დათმობა ეთხოვათ, მაგრამ როს ბრაუნი ასე არ მოიქცა. სხვათა შორის, ბრიტანელს ამ დროს საწვავის დაზოგვა უწევდა და ტემპიც ამის გამო დააგდო. ამიტომაც ჩამორჩა წითელ ხარებს, რომლებსაც მთელი რბოლა სდია და შუა რბოლაში მათ შორისაც კი ჩადგა. ასეა თუ ისე, როსბერგი ჰამილტონისგან მობოდიშებას დასჯერდა და ისიც თქვა, ვიცი, რომ გუნდის ეს გადაწყვეტილება, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე იყოო. სხვათა შორის, ორჯერ მან მანევრი გასწრებით დაასრულა, მაგრამ ჰამილტონმა ორივე შემთხვევაში დაკარგული პოზიცია ადვილად დაიბრუნა.
მაგრამ რაც უნდა იყოს, მათმა ქმედებებმა რბოლას დამატებითი ინტრიგა შესძინა და მაყურებელსაც მეტი სიამოვნება მოუტანა. აბა რა იქნებოდა, პელოტონის სათავეში, ორი გუნდის პილოტები ერთმანეთს დაუნდობლად ებრძოდნენ და ამის გამო, გუნდების ხელმძღვანელები მონიტორს შიშით შესცქეროდნენ და მორიგი დაძაბულობის განმუხტვის შემდეგ, შვებითაც ამოისუნთქებდნენ ხოლმე...
საინტერესოა, ვნახავდით თუ არა ასეთ „შინაომებს“, ტრასაზე ალონსო რომ ყოფილიყო. ესპანელი რბოლას დასაწყისშივე გამოეთიშა. მეორე მოსახვევში, როცა ფეტელის გასწრებას ცდილობდა, მას მეტოქეს ზედმეტად მიუახლოვდა და წინა ფრთის მარჯვენა ნაწილით, „რედ ბულის“ უკანა მარცხენა ბორბალს გაჰკრა. ფრთა დაზიანდა, მაგრამ ალონსომ გზის გაგრძელება გადაწყვიტა. მეორე წრის დასაწყისში კი მას ვებერმა გაუარა. ამ დროს, დაზიანებული ფრთა მაღალი ზეწოლის (დიდ სიჩქარეზე ფრთაზე დაწოლა ძლიერდება) შედეგად ჩამოვარდა და ბორბლის ქვეშ მოჰყვა. ნარბოლევს მან განაცხადა, მინდოდა, პირველ პიტსტოპამდე მომეცადა, რათა დრო არ დამეკარგაო. მოკლედ, გადაწყვეტილება თავად მიიღო და ამით წაგებული თვითონ დარჩა. არადა, ქულების მოპოვების შანსი მაინც ექნებოდა. მაგრამ ეტყობა, თავისი მე-200 რბოლის ეფექტურად დასრულება ეწადა...
კურიოზი შეემთხვა ჰამილტონს: ბრიტანელმა პირველი პიტსტოპი თავის ყოფილ გუნდში (კინაღამ) შეასრულა. „მაკლარენის“ და „მერსედესის“ ბოქსები ახლოსაა და ჰამილტონმა ინსტინქტურად უოკინგელთა სტენდზე შეუხვია. იქ მიუხვდნენ შეცდომას და ანიშნეს, სადაც უნდა დამდგარიყო. ამ შეცდომით ბევრი არც არაფერი დაუკარგავს - ტრასაზე დაბრუნებული ისევ მესამეზე იყო.
რბოლის მიწურულს, მასამ გამოიჩინა თავი. მან ჯერ პერესი ჩამოიტოვა, რომელიც რაიკონენთან ბრძოლაში იყო გართული, შემდეგ კი ფინელიც ზედ მიაყოლა, რომელსაც ბორდიურზე გავლისას, წინა ფრთა დაუზიანდა. უფრო მეტიც, ფინიშამდე ორი წრით ადრე, ბრაზილიელმა გროჟანს პირველივე შეტევით მე-5 პოზიცია დაათმობინა.


მალაიზიის დიდი პრიზი
სეპანგი, დისტანცია 310.408 კმ (56 წრე, 5.543 კმ)
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:38:56.681
2. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      +00:04.298
3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           00:12.181
4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                    00:12.640
5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                           00:25.648
6. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  00:35.564
7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                        00:48.479
8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                 00:53.044
9. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                       01:12.357
10. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)             01:27.124
11. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                  01:28.610
12. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1 წრე
13. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     1 წრე
14. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                     1 წრე
15. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)    1 წრე
16. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                    2 წრე
17გ. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            3 წრე
18გ. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტოროროსო)    5 წრე
გ. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)        11 წრე
გ. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)               29 წრე
გ. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)              34 წრე
გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  55 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: სერხიო პერესი - 1:39.199, 56-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 40 ქულა; 2. კიმი რაიკონენი - 31; 3. მარკ ვებერი - 26; 4. ლუის ჰამილტონი - 25; 5. ფელიპე მასა - 22; 6. ფერნანდო ალონსო - 18; 7. ნიკო როსბერგი - 12; 8. რომენ გროჟანი - 9; 9. ადრიან სუტილი - 6; 10. პოლ დი რესტა- 4; 11. ნიკო ჰულკენბერგი - 4; 12. სერხიო პერესი - 2; 13. ჯენსონ ბატონი - 2; 14. ჟან-ერიკ ვერნი - 1

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბულ-რენო - 66 ქულა; 2. ლოტუს-რენო - 40; 3. ფერარი - 40; 4. მერსედესი - 37; 5. ფორს ინდია-მერსედესი - 10; 6. ზაუბერ-ფერარი - 4; 7. მაკლარენ-მერსედესი - 4; 8. ტორო როსო-ფერარი - 1

No comments:

Post a Comment