Sunday, March 24, 2013

ეკლსტოუნი: ჰამილტონს „რედ ბულში“ გადასვლა სურდა


Hamilton wanted to join Red Bull - Ecclestone
24 მარტი
ფორმულა ერთის შეფი ბერნი ეკლსტოუნი ამბობს, რომ ლუის ჰამილტონს „რედ ბულში“ გადასვლა სურდა და ავსტრიულ გუნდთან მოლაპარაკებასაც კი აწარმოებდა, თუმცა შემდეგ „მერსედესთან“ გააფორმა კონტრაქტი. მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონს ეკლსტოუნისთვის „რედ ბულთან“ შუამავლობა უთხოვია. მაგრამ „რედ ბულის“ მფლობელ დიტრიხ მტეშიცს უთქვამს, მარკ ვებერის გადასაწყვეტია, გუნდში ვაკანსია გვექნება, თუ არაო.

„სებასტიანისთვის სულერთი იყო, ლუისი მის გუნდში გადავიდოდა, თუ არა. დიტრიხი პირდაპირი ადამიანია და მარკს უთხრა, რომ მისთვის კარი ღია იყო. თუ სურვილი ექნებოდა, დარჩებოდა. თუ მარკი წასვლას გადაწყვეტდა, მაშინ დიტრიხი კონტრაქტს ლუისთან გააფორმებდა“, - ყვება ეკლსტოუნი
პარალელურად, ვებერს „ფერარი“ დაუკავშირდა, მაგრამ ავსტრალიელმა წითელ ხარებთან დარჩენა გადაწყვიტა და კიდევ ერთხელ, ერთ სეზონით გააგრძელა კონტრაქტი. ჰამილტონმა კი „მერსედესთან“ მოლაპარაკება მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო. ეკლსტოუნი ირწმუნება, რომ ლუისს თავად ურჩია სამქიმიანებთან დაკავშირება. „ლუისს თვალები გაუფართოვდა, მაგრამ „მაკლარენიდან“ წამოსვლა სურდა და ვუთხარი, ამაზე კარგ ვარიანტს ვერც მონახავდა“, - ამბობს ბერნი.
ეკლსტოუნი ასევე დასძენს, რომ ბრაზილიის დიდი პრიზის სან პაულუდან რიო დე ჟანეიროში გადატანას ემხრობა. რიო 2016 წელს ოლიმპიადას მასპინძლობს და ეკლსტოუნს სურს, რომ ქალაქმა ფ1-ის რბოლებსაც უმასპინძლოს. „სან პაულუში შესანიშნავი ტრეკი აქვთ, მაგრამ ინფრასტრუქტურა განახლებას საჭიროებს. რიოში ოლიმპიურ წელს სიამოვნებით ვიქნებით, მაგრამ კარგად ვიცი, რა რთულია ოლიმპიადისთვის მზადება“, - ამბობს ეკლსტოუნი.

No comments:

Post a Comment