Sunday, February 10, 2013

ფეტელი საფრთხეს ჰამილტონისგან ელის

Champ Vettel says Hamilton is still a threat
10 თებერვალი

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი დარწმუნებულია, რომ ამ სეზონში, მის კონკურენტთა შორის აუცილებლად იქნება ლუის ჰამილტონი, რომელმაც ახლახან, „მაკლარენიდან“ „მერსედესში“ გადაინაცვლა. კითხვაზე, შეძლებს თუ არა ჰამილტონი რბოლების მოგებას, 27 წლის გერმანელმა დაუყოვნებლივ უპასუხა: „კი, რა თქმა უნდა“.

„მერსედესმა“ გასულ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა (ჩინეთში, ნიკო როსბერგმა), თუმცა ამის შემდეგ, ერთბაშად დათმო პოზიციები. გერმანულ გუნდში რომ გადადიოდა, ჰამილტონმა განაცხადა, რომ პირველ სეზონში გამარჯვება ძალიან გაუჭირდება. „დაიმლერის“ მთავარმა აღმასრულებელმა დიტერ ცეტშემ კი დააკონკრეტა, რომ „მერსედესი“ ტიტულისთვის ბრძოლაში 2014 წლის სეზონიდან ჩაერთვება.
ხერესის ტესტებისას, ახალ მანქანას სერიოზული პრობლემები შეექმნა. სწორედ ამის შედეგი იყო ჰამილტონის ავარია. მას და როსბერგს, პრობლემების გამო, პირველი ორი სესია თითქმის გაუცდათ. მაგრამ სამაგიეროდ, მესამე დღეს როსბერგს მეორე საუკეთესო დრო ჰქონდა. მაგრამ არც ადრეული პრობლემები და არც კარგი შედეგები, ამ ეტაპზე პრაქტიკულად არაფერს ნიშნავს.
სწორედ ამას ითვალისწინებს ფეტელი, რომელიც ზედიზედ მეოთხე ტიტულისთვის ბრძოლას იწყებს. ის თვლის, რომ ამ მიზნის მიღწევაში, მისთვის ხელის შეშლა რამდენიმე მრბოლს შეუძლია, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული კი ჰამილტონია. ფეტელის აზრით, არაა გამორიცხული, რომ გასული სეზონის სიტუაცია - პირველ შვიდ რბოლაში ამდენივე გამარჯვებული, შეიძლება განმეორდეს:
„ვერ ვხედავ მიზეზს, რომლის გამოც, გასული სეზონის დასაწყისი შეიძლება არ განმეორდეს. მაშინ სხვადასხვა გუნდების მრბოლები იგებდნენ რბოლებს. რეგლამენტი ოდნავ შეიცვალა, რის გამოც, უფრო დაძაბულ პაექრობას ველი. გამარჯვებისთვის ბრძოლა რამდენიმე გუნდის პილოტებს შეუძლიათ. შარშან „უილიამსმა“ გაგვაკვირვა, რომელმაც ბარსელონაში მოიგო. და ეს იმიტომ კი არა, რომ მათ გაუმართლა, არამედ იმიტომ, რომ სწრაფები იყვნენ. შეიძლება, ბოლო ტესტების შემდეგ ერთი ფავორიტი გვყავდს, ავსტრალიაში კი სრულიად განსხვავებული სურათი მივიღოთ“, - ამბობს ფეტელი.
„რედ ბულის“ ახალი მანქანით ჩემპიონი კმაყოფილია: „ამ ეტაპზე, ჩვენ ყველა მიზანს მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ახლა ძნელია იმაზე ლაპარაკი, თუ ვინ როგორ მოემზადა, მაგრამ ჩვენ უკმაყოფილების საფუძველი არ გვაქვს. ამ ეტაპზე, ჩემთვის მთავარი იყო, უქმეობის ჟანგი მომეცილებინა და მანქანა ძველებურად აღმექვა. შემიძლია გითხრათ, რომ მანქანაში თავს კარგად ვგრძნობ და ის ძალიან კარგად მუშაობს“.

No comments:

Post a Comment