Tuesday, January 15, 2013

„ვია X-ტრეკი“ – 800 ცხენის ძალა 2.35 ლ/100 კმ-ზე (ვიდეო)

Bob Lutz-approved Via X-Truck offers 800 hp, 100 MPGe
15 იანვარი
„ვია მოტორსი“ ახალი ამერიკული კომპანიაა, რომელიც 2010 წელს შეიქმნა და ელექტრომობილების წარმოებაზეა სპეციალიზებული. ახლახანს, ამ კომპანიამ შეიმუშავა ჰიბრიდული ტექნოლოგია, სახელწოდებით „ვია V-დრაივ“, რომელშიც სვლის სიშორის გასაზრდელ საშუალებად, შიდაწვის ძრავია გამოყენებული. ჰიბრიდული დანადგარი ისეა კონსტრუირებული, რომ მისი გამოყენება პიკაპებზე, მინივენებსა და უგზოობის ავტომობილებზე იყოს შესაძლებელი.
„ვია მოტორსი“ ავტომობილის წარმოების სრულ ციკლს არ იყენებს. ის ყიდულობს „ჯენერალ მოტორსის“ ავტომობილებს, რომლებშიც შიდაწვის ძრავის ნაცვლად, საკუთარ ჰიბრიდულ სისტემებს ამონტაჟებს. ამგვარად, საჭირო არაა რთული და ძვირადღირებული სრული საწარმოო ციკლი. აწყობილი ავტომობილები VTRUX-ის ბრენდით იყიდება.
დაარსებიდან ცოტა ხანში, კომპანიას სათავეში „ჯენერალ მოტორსის“ ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ბობ ლუცი ჩაუდგა, ვინც „ვოლტის მამის“ მეტსახელითაცაა ცნობილი. ამის მიზეზი ისაა, რომ სწორედ მისი მცდელობით გადაწყდა „შევროლე ვოლტის“ წარმოება, ისვე კურირებდა ამ ავტომობილის შექმნას და წარმოებისთვის მომზადების პროცესს.
„ვია მოტორსმა“ და ლუცმა დეტროიტის მოტორ შოუზე, სრულგაბარიტიანი პიკაპი „X-ტრეკი“ წარადგინეს. ეს ავტომობილი, კომპანია „პასიფიკ გას ენდ ელექტრიკთან“ თანამშრომლობით შეიქმნა. ის უახლეს „შევროლე სილვერადოზეა“ ბაზირებული და საკმაოდ აგრესიული გამომეტყველებასთან ერთად, თავისი უახლესი ჰიბრიდული სისტემითაც გამოირჩევა.
ბობ ლუცი
ავტომობილს მამოძრავებელი ძალით ორი მძლავრი ელექტროძრავი (VR-300) უზრუნველყოფს, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 800 ცხენის ძალას აღწევს. სვლის სიშორის გასაზრდელად კი „ჯენერალ მოტორსისვე“ უზარმაზარი, 5.3-ლიტრიანი V8 ძრავია გამოყენებული. თავიდან 4.3-ლიტრიანი V6 ძრავის გამოყენება იგეგმებოდა, მაგრამ მასზე უარი თქვეს რადგან ორი ელექტროძრავისთვის საჭირო ენერგიის გამოსამუშავებლად, დიდი დატვირთვით მუშაობა მოუწევდა და ბევრ ბენზინს დაწვავდა.
ენერგიის შესანახად, 24 კილოვატსაათი ტევადობის ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკია (თხევადი გაგრილებით) გამოყენებული. მასში დაგროვილი ენერგიით, დაახლოებით 65 კილომეტრის გავლაა შესაძლებელი. როგორც კი ბლოკში ენერგია 20 პროცენტამდე შემცირდება, მაშინვე ირთვება შიდაწვის ძრავისა და გენერატორის ტანდემი. საკმარისია, ბლოკში ენერგია 25 პროცენტამდე გაიზარდოს, რომ გენერატორი თავისით ითიშება. შემდგომში, ეს ციკლი მუდმივად მეორდება.
კომპანიის მიერ ჩატარებული გათვლებით, 100 კილომეტრის გასავლელად, ამ გიგანტურ ავტომობილს 2.35 ლიტრი საწვავი ეყოფა. თუმცა, ეს მაჩვენებელი ჯერ EPA-ს (აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტო) მიერ დადასტურებული არაა. 

ვიდეო

No comments:

Post a Comment