Tuesday, January 8, 2013

„სესტო ელემენტო“ არ შეიცვლება

Details emerge on production-bound Lamborghini Sesto Elemento
8 იანვარი
ამ ავტომობილის საწარმოო ვერსიას სერიულს ვერ დაარქმევ - „ლამბორგინი“ მას მხოლოდ 20 ცალს დაამზადებს. ეს ცოტა ხნის წინ, თავად იტალიურმა კომპანიამ აღიარა. ისიც ითქვა, რომ ყველა ავტომობილი მხოლოდ სატრეკო დღეებისთვის იქნება განკუთვნილი და მათ საერთო სარგებლობის გზებზე ვერ გამოიყვანენ.
„ლამბოს“ კვლევისა და განვითარების დირექტორმა მაურიციო რეჯანიმ განაცხადა, რომ „სესტო ელემენტო“ პრაქტიკულად არ შეიცვლება. მას მყიდველს ზუსტად ისეთივეს შესთავაზებენ, როგორიც მისი კონცეპტუალური ვერსია იყო დებიუტისას - პარიზის 2010 წლის მოტორ შოუზე.

„სესტო ელემენტო“ იმავე აგრეგატებითაა აღჭურვილი, რითაც „გალარდო LP570-4 სუპერლეგერა“. ესაა 570-ცხენისძალიანი V10 და სრულამძრავიანი ტრანსმისია. „სესტო ელემენტო“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 2.5 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ია.


კონცეპტუალურ ავტომობილს ცვლილება მაინც არ ასცდება, თუმცა ეს მხოლოდ სტრუქტურულ ნაწილს და უსაფრთხოების ელემენტებს შეეხება. შასის სიმტკიცე გაიზრდება, რათა გაუმჯობესდეს მისი სიხისტე და გრეხვითი დატვირთვებისადმი მედეგობა. მზიდი მონოკოკი კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება, სავარძლებს ამოიღებენ და მათ ადგილს, სტაციონარული და მყიდველის ტანზე მორგებული ანატომიური სკამები ჩაიდგმება, როგორც ფ1-ში. რადგან სკამი უძრავია, კოკპიტის მძღოლისადმი მორგება მოხდება საჭის რგოლისა და პედლების დახმარებით.
ამ ავტომობილს სპეციალურად აშენებულ ახალ ფაბრიკაში დაამზადებენ. ეს ფაბრიკა სპეციალურად შეიქმნა იმისათვის, რომ იქ პროტოტიპები და ექსკლუზიური ავტომობილები გამოუშვან.
„სესტო ელემენტო“ ძალიან ძვირი - 2 მილიონი ევრო ეღირება. ინტერნეტ გამოცემა „მოტორ აუტორითის“ ინფორმაციით, ეს ავტომობილი ხელმისაწვდომი ორ წელიწადში გახდება.

No comments:

Post a Comment