Wednesday, January 2, 2013

„ბრებჰემი“ შეიძლება ფორმულა 1-ს დაუბრუნდეს


Brabham name could return to F1
2 იანვარი
არაა გამორიცხული, რომ მალე სახელი „ბრებჰემი“ ფორმულა ერთში დაბრუნდეს. უკვე დიდი ხანია, რაც სამგზის მსოფლიო ჩემპიონის, ავსტრალიელი სერ ჯეკ ბრებჰემის მიერ დაარსებული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატში აღარ მონაწილეობს. ერთ დროს მას ბერნი ეკლსტოუნი უძღვებოდა, მაგრამ 1992 წელს გუნდი გაკოტრდა.

სამი წლის წინ, სახელი „ბრებჰემი“ გერმანულმა კომპანია „ფორმტეკმა“ შეიძინა, რომელიც საავტომობილო მაკომპლექტებლების წარმოებაზეა სპეციალიზებული. ამავე კომპანიამ, ფ1-ში მონაწილეობის სურვილი ოფიციალურად გამოთქვა, მაგრამ იმის გამო, რომ ამ სახელზე პრეტენზია ჯერ ბრებჰემის ოჯახმა გამოთქვა, გერმანელების „ბრებჰემი“ ფ1-ში არ დააბრუნეს.
ამ სახელის დაბრუნება ჯეკის შვილმა, დევიდმა ითავა, ვისაც ფ1-ის 30 რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული, დიდი პრიზების ცირკში წარუმატებელი გამოსვლების შემდეგ კი პროტოტიპების კლასზე გადაერთო. დევიდ ბრებჰემი ამბობს, რომ გუნდის სახელის ოჯახისთვის დაბრუნება ღირსების საქმეა და ამ საქმეს ბოლომდე მიყვანა უნდა.
„რა თქმა უნდა, „ბრებჰემის“ ფ-ში დაბრუნება სრულიად რეალურია. ამჟამად, სახელის ოჯახისთვის დაბრუნების საკითხი 98 პროცენტით მოგვარებულია და როდესაც საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, მერე ფ1-ში დაბრუნების შესაძლებლობებსაც განვიხილავთ“, - ბრაზილიურ გამოცემა „ტოტალრეისთან“ საუბრისას განაცხადა დევიდ ბრებჰემმა.
1960-80 წლებში „ბრებჰემმა“ პილოტების ოთხი და კონსტრუქტორების ორი ტიტულის (1966 და 1967 წლებში) მოგება შეძლო. აქედან ერთი ტიტული თავად სერ ჯეკის ანგარიშზეა (1966 წელი), ერთი ახალზელანდიელმა დენის ჰალმმა მოიპოვა (1967 წელს), ორი კი ბრაზილიელმა ნელსონ პიკემ (1981 და 1983 წლებში). ბოლოს კი „ბრებჰემის“ საჭესთან ბრიტანელი დეიმონ ჰილი იჯდა (1992 წელს).

No comments:

Post a Comment